Accessibility links

site logo site logo

თეონა აქუბარდია: ჩვენ კვლავ ველოდებით გიორგი გახარიას დებატებში


თეონა აქუბარდია

საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლი“ წარმომადგენელი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ბლოკი კვლავ ელოდება მოქმედი პრემიერის,"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დათანხმებას, მონაწილეობა მიიღოს სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერთან, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან გიორგი ვაშაძესთან დებატებში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელზე უნდა გაიმართოს.

„ჩვენ ველოდებით გიორგი გახარიას, როგორც სიის პირველ ნომერს "ქართული ოცნების" ამ დებატებში და იმ შემთხვევაში თუ ის არ მიიღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ დატოვებს შთაბეჭდილებას, რომ ისინი ამბობენ უარს დებატებზე, რომ მათ ეშინიათ, მათ არა აქვთ შესაბამისად შესათავაზებელი მოსახლეობისთვის, გარდა წარსულზე ორიენტირებისა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

„ქართულმა ოცნებამ, პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გიორგი გახარიას მონაწილეობასთან დაკავშირებით არ არის ამ ეტაპზე ასე ვთქვათ მზაობა, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში და დასავლეთის პრაქტიკა არის ის, რომ არჩევნების დროს ჩვეულებრივად ხდება დებატები ყველა პოლიტიკურ ძალას შორის, მათ შორის რა თქმა უნდა დებატებში უნდა იყოს სიის პირველი ნომერი ლიდერი და ეს არის ნორმალური პრაქტიკა, განსხვავებულს არაფერს არ ითხოვს არც გიორგი ვაშაძე და არც სხვა პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ „დილის საუბრებში“.

საზოგადოებრივ მაუწყებელში ლოტოტრონის პრინციპით შერჩევის საფუძველზე სტრატეგია აღმაშენებელსა და ქართულ ოცნებას შორის დებატები, კიდევ 2 პარტიასთან ერთად, 15 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG