Accessibility links

ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია გაიმართა


სამოქალაქო აქტივისტების ერთმა ჯგუფმა და გალში დაკავებული ირაკლი ბებუას ნათესავებმა თბილისში მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მშვიდობიანი აქცია გამართეს, მათ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდეს ქმედითად ჩაერთოს ირაკლი ბებუას გათავისუფლების საქმეში და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით გადმოიყვანოს ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

„მსხვერპლია ირაკლი ბებუა და იმედი გვაქვს ყველაფერი კარგად დასრულდება. გვაქვს ინფორამცია, რომ ნორმალურ მდგომარეობაში ჰყავთ“,- თქვა ირაკლი ბებუას ბიცოლამ ინგა ჩიქობავამ ჟურნალისტებთან საუბარში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში დაკავებული ირაკლი ბებუა ამ დრომდე სოხუმის იზოლატორში რჩება - მას წინასწარი 30-დღიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

ირაკლი ბებუას დეიდის ნაზი კაკაშვილის თქმით, მას აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკის დროშა სიძულვილით არ დაუწვას და საკითხის პოლიტიზირება სწორი არ არის.

„არავითარ შემთხვევაში პოლიტიკა, უბრალოდ უნდა გაათავისუფლონ და საქართველოს მთავრობამ უნდა მიხედოს, არ უნდა დავტოვოთ ბედის ანაბარა, ირაკლი ბებუას სიძულვილით არ გაუკეთებია არაფერი, ბოროტება ცხოვრებაში არ ჩაუდენია“,- ამბობს ნაზი კაკაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტებს მიაჩნიათ, რომ ოკუპირებულ ტერიტორაზე დაკავებული საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ემუქრება რეალური საფრთხე, ამიტომ აუცილელია ხელისუფლების მოქმედებები იყოს უფრო აქტიური.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება არ არის საკმარისი და საჭიროა საკითხის მოგვრებაში ჩაერთოს უმაღლესი ხელისუფლება. თუ ისინი არ დაიცავენ საქართველოს მოქალაქეს, არავინ არ დაიცავს , პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას რომ დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესბი, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან და რომელთა სიცოცხლესაც ემუქრება საფრთხე“,- ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

ცნობა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშის დაწვის გამო ოკუპირებულ გალის რაიონში საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ 30 სექტემბერს გავრცელდა.

აფხაზეთის ე.წ. დროშა (როგორც "ეხო კავკაზას" ავტორი ვიტალი შარია აღწერს თავის სტატიაში დე ფაქტო აფხაზეთის შსს-ზე დაყრდნობით, ეს იყო ტილო აფხაზეთის დროშის ფერებში და ზედ აფხაზეთის გერბით), რომლის დაწვაც ირაკლი ბებუამ სცადა, გალის კულტურის სასახლის მთავარ შესასვლელში იყო გამოკრული. სწორედ მას წაუკიდა ცეცხლი ბებუამ და თავად ადგილიდან მიიმალა. ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს.

სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები წერდნენ, რომ ირაკლი ბებუამ ე.წ. აფხაზური დროშა დაწვა „აფხაზეთის გამარჯვების“ წლისთავზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე 27 სექტემბრიდან აღნიშნავენ.

გავრცელდა, სავარაუდოდ, ირაკლი ბებუას დაკითხვის ვიდეოც, სადაც ის თავად ადასტურებს დროშის დაწვის ფაქტს და განმარტავს, რომ მას აფხაზების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რომ პირიქით, მისი აზრით, „არ უნდა აღინიშნებოდეს ქართველების და აფხაზების დაყოფის თარიღი და კვლავ მეგობრული ურთიერთობების მომხრეა“.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამართალდამცავი ორგანოები ბებუას დე ფაქტო რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ედავებიან, მათ შორის:

  • 334-ე მუხლით, რაც სახელმწიფო სიმბოლოკის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება 1 წლამდე ვადით პატიმრობით.
  • 164 მუხლით, რაც ქონების განზრახ დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში და ისჯება 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობით.

ირაკლი ბებუას ბრალი დაუმძიმდა მას მერე, რაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოაჩინეს ხელნაკეთი ხელყუმბარა РГ-42.

ამის გამო მის მიმართ წაყენებულ მუხლებს დაემატა დე ფაქტო რესპუბლიკის სს კოდექსის 217-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რაც იარაღის და მისი შემადგენელი ნაწილების, ასევე საბრძოლო მასალის, უკანონო შეძენა, შენახვა, გადაცემას გულისხმობს და ისჯება 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ჯარიმასთან ერთად, ან მის გარეშე.

საქართველოს სუს-მა პირველი განცხადება მომხდარიდან მეორე დღეს, 1 ოქტომბერს გაავრცელა და განაცხადა, რომ ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

საქმის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს სახალხო დამცველი.ომბუდსმენი, მიიჩნევს, რომ ირაკლი ბებუას მიერ სავარაუდოდ განხორციელებული ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, მაღალია ალბათობა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მის მიმართ ბრალი ხელოვნურად დაამძიმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG