Accessibility links

site logo site logo

ტრამპი ასაჯაროებს რუსეთზე გამოძიებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წუხელ გამოაცხადა, რომ გასცა განკარგულება ყველა დოკუმენტის გასაჯაროებისთვის, რომლებიც ეხება 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას, ასევე ჰილარი კლინტონის მიერ პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებას სამსახურებრივი მიმოწერისთვის, როცა ის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო.

„მე სანქცია გავეცი სრული განსაიდუმლოების შესახებ ყველა დოკუმენტისა, რომელიც მიმართებაშია ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ პოლიტიკურ დანაშაულთან, რუსულ თვალთმაქცობასთან,“ დაწერა ტრამპმა ტვიტერში.

„რუსული თვალთმაქცობა“ - ტრადიციულად ასე ახასიათებს ტრამპი გამოძიებას რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებთან თავისი საარჩევნო კამპანიის წევრების კავშირების შესახებ, რაც 2016 წლის ივლისში დაიწყო გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) და 2019 წელს დაასრულა სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა. გამოძიების შედეგად გამოვლინდა რუსეთის მიერ განხორციელებული კიბეროპერაციების ფაქტები, რომლებიც ამერიკის საარჩევნო პროცესში ჩარევას ისახავდა მიზნად, ბრალი წაუყენეს აშშ-ისა და რუსეთის მოქალაქეებს, მაგრამ არ დადასტურდა ეჭვები რუსეთთან საპრეზიდენტო კანდიდატ ტრამპთან დაახლოებულ პირთა კავშირების ან გარიგების თაობაზე.

ტრამპი და მისი მომხრეები აცხადებენ, რომ გამოძიება დაიწყო არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე და რომ სადაზვერვო სამსახურების მაღალი რანგის პირების მიზანი იყო, ძირი გამოეთხარათ ტრამპის კანდიდატურისთვის. პრეზიდენტის აზრით, საბუთების განსაიდუმლოებამ მისი სიმართლე უნდა დაადასტუროს.

ამავე დროს სპეცპროკურორი ჯონ დარემი ამთავრებს იმ გარემოებების შესწავლას, რომლებმაც FBI აიძულა, 2016 წელს გამოძიება დაეწყო რუსეთთან დაკავშირებით. მისი მიზანია, დაადგინოს, დაარღვია თუ არა FBI-მ კანონები, იყო თუ არა FBI-ის მოქმედებები პოლიტიზებული. დარემის ანგარიში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოქვეყნდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG