Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია: "რემდესივირს" გამოვიყენებთ მხოლოდ მძიმე და კრიტიკულ პაციენტებთან


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო პრეპარატ "რემდესივირის" შეისყიდის, თუმცა ასევე განმარტავს მისი გამოყენების წესს კოვიდკლინიკებში.

"რემდესევირი ჯერჯერობით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კოვიდის შემთხვევაში სამკურნალოდ დადასტურებული და ლიცენზირებული მედიკამენტი არ არის. ის არის მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექსპერიმენტის სახით გამოსაყენებელი წამალი. რომ მეკითხებით, როდის იქნება ხელმისაწვდომი საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორ წარმოგიდგენიათ? რემდესივირი კოვიდის სამკურნალოდ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება? ასე არ ხდება. სახელმწიფო შეისყიდის, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ მძიმე და კრიტიკული პაციენტების შემთხვევაში ისიც იმ შემთხვევაში, როცა პაციენტების თანხმობა იქნება ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. ხელმისაწვდომი რემდესივირი მოქალაქეებისთვის ვერ იქნება, ვინაიდან ის ლიცენზირებული არ არის." - ასე უპასუხა გიორგი გახარიამ მედიის კითხვას პრეპარატ რემდესივირის შესახებ.

თენგიზ ცერვაძემ განცხადება იმის შესახებ, რომ პრეპარატი რემდესივირი საქართველოში 2-3 კვირაში შემოვიდოდა, 6 ოქტომბერს გააკეთა.

მოლოდინი იმის შესახებ, რომ საქართველო რემდესივირს კვლევის ფარგლებში მიიღებდა, მაისის თვეშიც არსებობდა. გაზაფხულზე საქართველოს "სოლიდარობის კვლევაში" ჩართვის ბარიერად კოვიდპაციენტების მცირე რაოდენობა და მათი მსუბუქი მდგომარეობა სახელდებოდა.

პრეპარატ რემდესივირის გამოყენება კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გადაუდებელ შემთხვევებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მაისიდან დაუშვეს. მედიკამენტის ეფექტურობაზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არაერთი კვლევა მიმდინარეობს და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გადაწყდება მისი მასობრივი გამოყენების საკითხი. რემდესივირის გარდა მედიკოსები კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან აქტიურად იყენებენ ასევე პრეპარატ დექსამეტაზონს, რომელიც იაფი და ფართო გავრცელების სტერეოიდია და მკვლევარების მტკიცებით, ეს წამალი მძიმედ დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობას, დაახლოებით, ერთი მესამედით ამცირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG