Accessibility links

site logo site logo

პოლონეთის ანტიმონოპოლიურმა უწყებამ 7,6 მლნ დოლარით დააჯარიმა "გაზპრომი"


პოლონეთის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის უწყებამ (UOKiK) 7 ოქტომბერს გამოაცხადა „გაზპრომის“ 29 მლრდ ზლოტით ($7,6 მლრდ) დაჯარიმების შესახებ პოლონეთის ანტიმონოპოლიურ უწყებასთან შეუთანხმებლად „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის გამო. ეს არის ჯარიმის მაქსიმალურად დაშვებული ზომა - კომპანიის ოფიციალური წლიური კაპიტალბრუნვის 10%.

დაჯარიმდა ასევე ევროპის ხუთი კომპანია - ისინი „გაზპრომთან“ ერთად მონაწილეობენ ამ პროექტში, რომელიც ბალტიის ზღვის ფსკერზე გაზსადენის გაყვანას ითვალისწინებს. ყოველი მათგანი დაჯარიმდა დაახლოებით 100 მლნ დოლარით. პოლონური მარეგულირებელი უწყება მათგან მოითხოვს, გააუქმონ პარტნიორული შეთანხმება რუსეთის კომპანიასთან. კონცერნებს შორისაა ბრიტანულ-ჰოლანდიური Shell-ი, რომელმაც უკვე განაცხად, რომ არ ეთანხმება გადაწყვეტილებას.

პოლონეთის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულებას შეუძლია დაარღვიოს კეთილსინდისიერი კონკურენცია და ის საფრთხეს უქმნის პოლონეთისთვის გაზის მიწოდებას. გაზსადენი რუსეთიდან პირდაპირ გერმანიაში მიემართება პოლონეთის ტერიტორიისთვის გვერდის ავლით.

„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ გაასაჩივრებს ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილებას.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობა ამჟამად შეჩერებულია მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა მასში მონაწილე კომპანიებს. „გაზპრომში“ არაერთხელ განაცხადეს, რომ გაზსადენის მშენებლობის დასრულებას აპირებენ.

ამჟამად გერმანიაში მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, უნდა დასრულდეს თუ არა გაზსადენი რუსეთის ხელისუფლების მოქმედებების ფონზე. კერძოდ, იმის გამო, რომ კრემლი ეჭვმიტანილია პოლიტიკოს ალექსეი ნავალნის მოწამვლაში. ჯერჯერობით გერმანიის ხელისუფლებას არ შეუცვლია ოფიციალური პოზიცია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის აუცილებლობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG