Accessibility links

logo-print logo-print

63-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში


კორონავირუსით ინფიცირებული 51 წლის მამაკაცი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა. ის პოლიციის თანამშრომელი იყო, გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია შსს-მ გაავრცელა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - 1969 წელს დაბადებული ბ.ჯ. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ცხელების ცენტრში გარდაიცვალა.

"პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსით გამოწვეული Covid-19 მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა: ფილტვების პნევმონია, გულის იშემიური დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი.
გარდაცვლილი Covid-19 რეგულაციების სრული დაცვით გადასვენებულია და დაიკრძალება დადგენილი ვადების შესაბამისად",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ასევე თანამშრომლებს.

კორონავირუსით დღეს საქართველოში მე-5 პაციენტი გარდაიცვალა.

გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 508 შემთხვევაა, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG