Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოძიებას ერთი წელი დარჩა ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის მოსაძებნად


რუსეთის საგამოძიებო ორგანოებს ზუსტად ერთი წელი დარჩათ "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთის მოსაძებნად. 2021 წლის 7 ოქტომბერს ამ დანაშაულს ხანდაზმულობის ვადა ეწურება.

რუსეთის კანონების თანახმად, პირი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, თუკი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენიდან 15 წელია გასული. "ნოვაია გაზეტამ" თავის ვებსაიტზე დროის მთვლელი დაამატა, იმ დრომდე, როცა ჟურნალისტის მკვლელობის დამკვეთები დაუსჯელები აღმოჩნდებიან.

პოლიტკოვსკაიას გვამი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული რამდენიმე ჭრილობით, 2006 წლის 7 ოქტომბერს იპოვეს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოში. მკვლელმა მას ოთხჯერ ესროლა პირდაპირ და შემდეგ, საკონტროლო გასროლის სახით, თავში, მაშინ, როცა პოლიტკოვსკაია ლიფტში შევიდა. ადგილზე იპოვეს მაკაროვის ტიპის იარაღი და ვაზნები.

მკვლელობის გამოძიებას პირადი კონტროლი დაუწესა მაშინდელმა გენერალურმა პროკურორმა, იური ჩაიკამ. გამომძიებლები იხილავდნენ განზრახ მკვლელობის ვერსიას, რომელიც "კავშირში იყო მის მიერ საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან".

2014 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის მცხოვრებთ, რუსტამ მახმუდოვს და ლომალი გაიტუკაევს, რომლებიც დამნაშავედ სცნეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესრულებაში. გაიტუკაევი შემდგომში კოლონიაში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელი, სერგეი ხაჯიკურბანოვი დანაშაულში თანამონაწილედ სცნეს და 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლის ძმებს, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს - რომლებიც პოლიტკოვსკაიას უთვალთვალებდნენ - 12 და 14 წლით მიესაჯათ პატიმრობა, შესაბამისად.

მანამდე პოლიტკოვსკაიას მკვლელობასთან კავშირის გამო 11 წლით მიუსაჯეს ციხე ასევე მოსკოვის პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, დმიტრი პავლიუჩენკოვს, რომელმაც აღიარა ჟურნალისტზე თვალთვალის ორგანიზება.

მაგრამ პოლიტკოვსკაიას კოლეგები და ახლობლები თვლიან, რომ საქმე არ გახსნილა - დამნაშავეთა მოტივები ბუნდოვანი დარჩა და არ იქნა დადგენილი ვინ იყო მკვლელობის დამკვეთი. "ნოვაია გაზეტაში" თვლიან, რომ მომხდარს შესაძლოა კავშირი ჰქონდეს ჩეჩნეთის მეთაურთან, რამზან კადიროვთან. პოლიტკოვსკაიას ბევრი რეპორტაჟი ეხებოდა სწორედ ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევას.

ანა პოლიტკოვსკაიას ადვოკატი, ანა სტავიცკაია თვლის, რომ მკვლელობის გამოძიება შესაძლოა შეაჩერეს. "ეხო მოსკვის" ეთერში ადვოკატმა აღნიშნა, რომ დაზარალებულ მხარეს არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ რა სტადიაზეა საქმე, რადგან გამოძიება ინფორმაციას არ გასცემს.

XS
SM
MD
LG