Accessibility links

site logo site logo

ირმა ინაშვილი მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება და დაისაჯონ „სააკაშვილ-ბოკერიები“


ირმა ინაშვილი, თავის მხარდამჭერებთან ერთად, აგროვებს ხელმოწერებს პროკურატურაში განცხადების შესატანად.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი პროკურატურისგან მოითხოვს, დაიწყოს გამოძიება და 2004-2012 წლებში ადამიანების წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ფარული გადაღებების ორგანიზებისთვის დაისაჯონ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირველი პირები.

“მე ვსაუბრობ სააკაშვილზე, ბოკერიაზე...“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა პროკურატურის შენობასთან, სადაც რამდენიმე ათეულ მხარდამჭერთან ერთად მივიდა და განცხადებისთვის ხელმოწერები შეაგროვა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, პროკურატურამ უნდა იხელმძღვანელოს პარლამენტის 2016 წლის 10 ივნისის დადგენილებით - „2004−2012 წლებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების სამართლებრივი შეფასების და მათი განმეორების დაუშვებლობისა და სრული პრევენციის შესახებ“.

დადგენილების მიხედვით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წამებას და მათდამი არაადამიანურ მოპყრობას საყოველთაო, სისტემური ხასიათი ჰქონდა და ეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ იყო სანქციონირებული; სახელმწიფომ დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახორციელოს და ამასთან, ფაქტები ისე უნდა გამოიძიოს, რომ თავიდან აიცილოს პოლიტიკური ანგარიშსწორება.

„ის, რომ ეს პირები კიდევ ტივტივებენ პოლიტიკაში, კიდევ გვიღიმიან პოლიტიკური ბანერებიდან, ეს არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა და მე აღარ ვლაპარაკობ მხოლოდ იმაზე, რომ დაისაჯონ სააკაშვილები და ბოკერიები. უნდა დაისაჯოს ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტის ის ნაწილი, რომელმაც დანაშაულს ხელი დააფარა, გამოაცხადა კოჰაბიტაცია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG