Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პროკურატურა რუსეთს ადანაშაულებს ხანგოშვილის მკვლელობაში


7 ოქტომბერს გერმანიაში დაიწყო საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული რუსეთის მოქალაქის სასამართლო პროცესი.

ბრალდებული არის ვადიმ კ., ასევე ვადიმ ს.-დ ცნობილი. გერმანიის კანონების თანახმად, მის სრულ გვარს არ ასახელებენ, მაგრამ ჟურნალისტური გამოძიებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილია, რომ საქმე ეხება ვადიმ კრასიკოვს, იმავე ვადიმ სოკოლოვს. მას ბრალად ედება გასული წლის 23 აგვისტოს ბერლინის პარკში თორნიკე ხ.-ს (ზელიმხან „თორნიკე“ ხანგოშვილის) მკვლელობაში.

სასამართლოზე, რომელიც უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებით მიმდინარეობს, ბრალდებულმა თავისი ადვოკატის, რობერტ უნგერის მეშვეობით განაცხადა, რომ ის არის 50 წლის და დაბადებულია რუსეთში და არა 55-ის და ყაზახეთში დაბადებული, როგორც ეს ბრალდებაშია მითითებული.

„მე ვარ ვადიმ ანდრეის ძე სოკოლოვი და არა ვადიმ ნიკოლაის ძე კრასიკოვი,“ განაცხადა მან. „ასეთ ადამიანს არ ვიცნობთ.“

ბრალდებული გერმანიაში ჩავიდა რუსეთის პასპორტით, რომელიც ვადიმ სოკოლოვის სახელზეა გაცემული.

7 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე გახმოვანებულ ბრალდებაში ნათქვამია, რომ ბრალდებულმა მკვლელობის „შეკვეთა მიიღო ან უცნობი თანხის საფასურად, ან ის იზიარებდა იმათ მოტივებს, ვინც დაუკვეთა მას ლიკვიდაცია [მსხვერპლისა] როგორც პოლიტიკური მტრისა, ჩეჩნეთის მეორე ომში მისი როლისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სხვა შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის შურის საძიებლად.“

მკვლელობა ბერლინის პარკში
please wait

No media source currently available

0:00 0:08:04 0:00

ეროვნებით ქისტ საქართველოს მოქალაქე ხანგოშვილზე მანამდეც განხორციელდა თავდასხმა, მაგრამ ის გადარჩა. 2016 წლიდან ის გერმანიაში ცხოვრობდა და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი ჰქონდა.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ჯერ კიდევ 2020 წლის 18 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილმა ბოროტმოქმედება ჩაიდინა რუსეთის სამთავრობო ორგანოების დაკვეთით.

მაგრამ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა მკვლელობასთან რუსეთის კავშირში ბრალდებას „სრულიად საფუძველს მოკლებული“ უწოდა.

დეკემბერში გერმანიამ რუსეთის ორი დიპლომატი გააძევა ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, რასაც მაშინვე მოჰყვა რუსეთიდან ორი გერმანელი დიპლომატის გაძევება.

გამოძიება მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ წლების წინ მოსკოვმა ინტერპოლს მიმართა 55 წლის ვადიმ კრასიკოვის ძებნის შესახებ. მაშინ მას ბრალად ედებოდა მოსკოვში ბიზნესმენის მკვლელობასთან კავშირი.

მაგრამ 2015 წელს მოსკოვმა მოულოდნელად გააუქმა ინტერპოლში ძებნის განაცხადი. გერმანელი გამომძიებლების აზრით, ეს აშკარად მიანიშნებს, რომ კრასიკოვის უკან რუსეთის სახელმწიფო დგას.

გამოძიება გამორიცხავს, რომ კრასიკოვი მარტო მოქმედებდა. ჯერჯერობით არ არის ნათელი, ვინ უთვალთვალებდა ხანგოშვილს, ვინ მოამარაგა კრასიკოვი იარაღით, ველოსიპედით და ელექტროსკუტერით, რომლითაც ის შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა. ფედერალურმა პროკურატურამ ცალკე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯერჯერობით უცნობი მესამე მხარის გამოსავლენად.

როგორც გაზეთი „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ წერს, გერმანიის უშიშროების სამსახურებში მიაჩნიათ, რომ ხანგოშვილი იყო რუსეთის სახელწიფოს მტრების „სასიკვდილო სიაში“, რომელში შემავალ პირებსაც რუსეთის სადაზვერვო სამსახურები გეგმაზომიერად იშორებენ თავიდან.

ხანგოშვილის მკვლელობის გარდა, ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გამწვავებას ხელი შეუწყო 2015 წელს გერმანიის პარლამენტის სერვერებზე ჰაკერულმა თავდასხმამაც, რომლის დროსაც მოიპარეს დოკუმენტები კანცლერ ანგელა მერკელის ოფისიდან; ასევე რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სერგეი ნავალნის მოწამვლამ „ნოვიჩოკის“ ჯგუფის საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებით.

მერკელი დაიმუქრა, რომ თუკი სასამართლო დაადასტურებს ფედერალური პროკურატურის ვერსიას, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან რუსეთის სახელმწიფო დგას, გერმანია ამას უპასუხოდ არ დატოვებს.

ორ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის პარალელურად გერმანია და რუსეთი განაგრძობენ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის ერთობლივ პროექტზე მუშაობას. გაზსადენმა ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალმა რუსეთის გაზი პირდაპირ გერმანიას უნდა მიაწოდოს.

8 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე მოისმენენ მკვლელობის ორი მოწმის ჩვენებას. სულ დაგეგმილია 25 სხდომის ჩატარება 2021 წლის 27 იანვრამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG