Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტს, ლუიზ გლიუკს


ლუიზ გლიუკი
ლუიზ გლიუკი

ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტ ქალს, ლუიზ გლიუკს „თავისი განუმეორებელი პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით აქცევს ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად,“ ნათქვამია შვედეთის აკადემიის განცხადებაში.

77 წლის გლიუკი, რომელიც იელის უნივერსიტეტის პროფესორია, ნიუ-იორკში დაიბადა. ლიტერატურული დებიუტი 1968 წელს ჰქონდა პოეტური კრებულით “Firstbortn” („პირველშობილი“). როგორც შვედეთის აკადემია წერს, ამის შემდეგ ის „მალე აღიარეს ამერიკის ერთ-ერთ გამოჩენილ თანამედროვე პოეტად.“

მის პოეზიას „ახასიათებს სიცხადისკენ სწრაფვა“, მისი ყურადღების ცენტრში ხშირადაა ბავშვობა, ოჯახური ცხოვრება და მჭიდრო ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ვკითხულობთ განცხადებაში.

მასში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კრებულს „Averno“ (2006). შვედეთის აკადემია მას უწოდებს „ქვესკნელში, სიკვდილის ღმერთ ჰადესის ტყვეობაში ჩასული პერსეფონეს მითის ოსტატურ და ვიზიონერულ ინტერპრეტაციას.“

გლიუკი ნობელის პრემიის მე-16 ქალი ლაურეატია და პირველი ამერიკელია, რომელმაც ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო ტონი მორისონის შემდეგ (1993).

გლიუკს მთელი რიგი მნიშვნელოვანი ლიტერატურული პრემიები აქვს მოპოვებული აშშ-ში.

გამარჯვებულს 10 მილიონი შვედური კრონა (1,1 მლნ აშშ დოლარი) გადაეცემა.

უმაღლესი ლიტერატურული პრემიის გაცემა უკანასკნელ წლებში სკანდალებთან იყო დაკავშირებული.

2018 წელს პრემიის გაცემა გადაიდო მას შემდეგ, რაც შვედეთის აკადემია, რომელიც ასახელებს გამარჯვებულს, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მასობრივად დატოვეს მისმა წევრებმა.

მას შემდეგ, რაც აკადემია განახლდა ნობელის ფონდის ნდობის მოსაპოვებლად, შარშან ორი გამარჯვებული დაასახელეს. 2018 წლის პრემია მიეკუთვნა პოლონელ ოლგა ტოკარჩუკს, 2019 წლისა კი ავსტრიელ პეტერ ჰანდკეს.

ჰანდკესთვის პრემიის მინიჭებამ მორიგი სკანდალი გამოიწვია, ვინაიდან ავსტრიელი მწერალი სერბეთს უჭერდა მხარს 1990-იანი წლების ბალკანეთის ომების დროს და მას სერბების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების აპოლოგეტს უწოდებენ. რამდენიმე ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადა ნობელის პრემიის გადაცემის საზეიმო ცერემონიას და კომიტეტის წევრი, რომელიც ასახელებს ლიტერატურის დარგში პრემიის კანდიდატს, გადადგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG