Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტიკა, როგორც ფრონტის წინა ხაზი - რატომ დაადგინა ქარტიამ "იმედის" ჰოლდინგში ცენზურა


“დაბალანსებული დაივიწყე... ახლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში” - რა ჩანაწერებზე დაყრდნობით დაადგინა ქარტიის საბჭომ, რომ მედიაჰოლდინგ “იმედის” დირექტორი ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტებს საკუთარი სინდისის წინაღმდეგ წასვლას აიძულებდა?

2020 წლის 28 თებერვალს “მაესტროს” სატელევიზო გადაცემა “ბიზნესის” წამყვანი და მთავარი პროდიუსერი ანა ცხოვრებოვა მაყურებლებს დაემშვიდობა და თქვა, რომ ეს გადაცემის ბოლო ეთერი იყო.

წამყვანმა ბოლო ეთერში მაყურებელს აუხსნა, რომ ეს კომპანიის მენეჯერების გადაწყვეტილება იყო, რომელიც მათ არხის ფორმატის შეცვლით ახსნეს, თუმცა იქვე ივარაუდა, რომ "ბიზნესის" დახურვის გადაწყვეტილება მენეჯმენტმა შესაძლებელია გადაცემის კრიტიკული ტონის გამო მიიღო.მეტ დეტალებზე ჟურნალისტს აღარ უსაუბრია.

გადაცემის დახურვიდან 1 თვეში “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში” ნიკა ლალიაშვილის წინააღმდე გადაცემაზე მომუშავე გუნდის, ანა ცხოვრებოვას, ნინო კვინტრაძის, მარიამ მჭედლიშვილის, გიგა ბენიას და ნუცა შუბაშვილის საჩივარი შევიდა. ლალიაშვილი ამ დროს “იმედის” ჰოლდინგის დირექტორის მოადგილე იყო. ჰოლდინგში სამი ტელეკომპანია - “იმედი”, მაესტრო” და GDS შედის. ჟურნალისტები ნიკა ლალიაშვილს ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევას ედავებოდნენ. ამ პრინციპის თანახმად, “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება პროფესიული საქმიანობისას აზრი გამოხატოს ან მოიქცეს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.

ჟურნალისტები ამტკიცებდნენ, რომ მათი გადაცემის დახურვის მიზეზი არა რეორგანიზაცია, არამედ ხელმძღვანელობის ცენზურა გახდა. საკუთარი სიმართლის დასაცავად ჟურნალისტთა ჯგუფმა ქარტიის საბჭოს დირექტორის მოადგილესთან შეხვედრებისას ჩაწერილი საუბრების აუდიოჩანაწერიც წარუდგინა.

პირველი ჩანაწერი 24 დეკემბრით თარიღდება. ამ დროს ჟურნალისტებისთვის ჯერ ცნობილი არ არის რომ გადაცემა დაიხურება. ჩანაწერში ნიკა ლალიაშვილს ჟურნალისტი ანა ცხოვრებოვა ესაუბრება. საუბრისას დირექტორის მოადგილე უკმაყოფილებას გამოთქვამს ინფლაციაზე მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტის გამო, სადაც ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეა საუბარი.

ეს არის შეხვედრის დიალოგის ტრანსკრიპტი, რომელიც ჟურნალისტებმა ქარტიაში წარადგინეს.

ნიკა ლალიაშვილი: თითო სიტყვა, თითო აქცენტიც კი შეიძლება იყოს ისეთ დისონანსში, ხვდები, რო, ნი ტო შტო ჰარმონიზაციაში, პროსტა დესტრუქციული გაიჩითოს არხის სარედაქციო პოლიტიკისთვის.

ახლა კონკრეტულ მაგალითზე გეტყვი, ჰაერზე რომ არ ვილაპარაკოთ, მაგალითად მოგასმენინებ. [ისმის გადაცემიდან ნაწყვეტი]: "ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 0.9 % იყო ხოლო წლიური ინფლაცია - 7 %, მიზეზებზე თუ რა ახდენს გავლენას სამომხმარებლო ფასების ზრდაზე...“ „...მაშინ, როდესაც მთავრობის წევრები ხშირად აპელირებენ, რომ ქვეყანაში იზრდება საშუალო ხელფასი, ასევე პენსიაც, არ უნდა დაგვავიწყდეს ინფლაციაც...“

ხვდები? პროსტა, ეს წინადადება რომ არ ყოფილიყო, გადასარევი სიუჟეტია.

ანა ცხოვრებოვა: ოქეი, მაგ წინადადებების ამოღება პრობლემა არ არის.

რამდენიმე წუთის შემდეგ

ნიკა ლალიაშვილი: დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს უსუნოს, უგემოს, სტერილურს. ცუდია დაბალანსებული

ანა ცხოვრებოვა: რატომ ნიშნავს სტერილურს? ცუდია, რაც ჩვენს გადაცემაშია? ხო არ არის ცუდი ?

ნიკა ლალიაშვილი: ჰოდა, ეხლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში, ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე, დაწყებული…

ანა ცხოვრებოვა: მე არა ვარ ფრონტის ხაზზე, ჩემი აზრით.

ნიკა ლალიაშვილი: არ შეიძლება შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე... ჩვენ, “იმედი” ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ - „მე არ ვომობ“ - ეგ არის დეზერტირობა, მაგას ჰქვია დეზერტირობა.

რამდენიმე წუთის შემდეგ

ანა ცხოვრებოვა: ძალიან მარტივად ვიტყვი, რა, მე არაფერს არ გავაპრავებ, არასდროს, არც პოზიციას და არც ოპოზიციას გავაშუქებ...

​ნიკა ლალიაშვილი: "გაპრავება", ხო, ცუდი კონოტაციაა.

ანა ცხოვრებოვა: ​გავაშუქებ ისე, როგორც მიმაჩნია ჩემი ეკონომიკურ-ჟურნალისტური განათლებიდან სწორად და ამ მიმართულებით გარკვეულ ცვლილებებს არ ვგეგმავ. ვგულისხმობ, გაშუქების ნაწილში, რაღაცა აქცენტი რომ შეიძლება იყოს შერბილებული, მაგაზე არ მაქვს პრობლემა, მაგისი თქმა ყველანაირი ფორმით შეიძლება, ისეთითაც მათ შორის, კაციშვილი ვერ მიხვდება რა თქვი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ასე, ფრონტის ხაზზე ყოფნა, ხმალამოღებული ბრძოლა, ჩემი საქმე მგონია რომ არ არის.

რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ

ნიკა ლალიაშვილი: სამწუხაროა, ანუ შენ ეს კორპორატიული სოლიდარობა არ გაქვს.

მორიგი ჩანაწერი (1 ნაწილი, 2 ნაწილი), რომელიც ქარტიამ მოისმინა, 25 თებერვლით თარიღდება. ამ დროს უკვე გადაწყვეტილია, რომ “მაესტროზე” გადაცემა “ბიზნესი” იხურება. ლალიაშვილი ამ გადაცემის თანამშრომლებს “იმედის” ყოველკვირეულ გადაცემაში გადასვლას სთავაზობს. ამ შეხვედრაზე მენეჯმენტის მხრიდან უფრო მკაფიოდ ჟღერდება, რომ ყველა, ვინც ახალ გადაცემაზე იმუშავებს “იმედის” “მთავარ იდეას” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მოსვლის ხელშეშლას არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.

ჟურნალისტი: ... გვექნება შესაძლებლობა, რომ ჩვენ რომ, მაგალითად, ვთვლით, რომ რაღაც ღირებულებები გვაქვს და ვთვლით საჭიროდ, რომ აი, ეს პოზიცია დაფიქსირდეს, ეს საკითხი გაშუქდეს იმიტომ, რომ ესე გვჯერა.

ნიკა ლალიაშვილი: კი, თუ თქვენი ღირებულებები თანხვედრაშია არხის სარედაქციო პოლიტიკასთან.

ჟურნალისტი: მაშინ, მოდით, პირდაპირ გვითხარით არხის სარედაქციო პოლიტიკა.

ნიკა ლალიაშვილი: არხის სარედაქციო პოლიტიკა არის, იმ დღესაც გითხარით, არა ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში

ჟურნალისტი: არა ნაცების დაბრუნება ხელისუფლებაში, მთავრობის კრიტიკას გამორიცხავს?

ნიკა ლალიაშვილი: მთავრობის კრიტიკას არ გამორიცხავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, რომ, ჩვენ, "იმედელები" ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ ადამიანები ვინც ყველაზე მეტად დაზიანდა ნაციონალური მოძრაობის დროს, არც ერთ ტელევიზიაში არ შევარდნილან და არ წაუქცევიათ ჟურნალისტები და თავზე არ დაუდიათ ავტომატები...

რამდენიმე წუთის შემდეგ

ჟურნალისტი: თუ მაგალითად არ ვეთანხმებით მთავარ იდეას, რა ხდება ამ შემთხვევაში, დავიწყე გადაცემის კეთება, მაგალითად?..

ნიკა ლალიაშვილი: თუ არ ეთანხმები მთავარ იდეას, მაშინ ხომ შენ [უთანხმოება გაქვს] თავთან, შენს სინდისთან შენ რეპუტაციასთან, შენს მეგობრებთან. უბედურებაა რომ სადღაც მუშაობ და, მაშინ მარტო ფულისთვის მუშაობ ესეიგი. პროსტო არაპატიოსანი საქციელია.

ანა ცხოვრებოვა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ცენზურის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან მენეჯმენტის გავლით რამდენჯერმე იყო. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად ის იხსენებს სატელევიზიო რეპორტაჟს, რომელიც ყვებოდა თბილისში ბაგების და თსუ-ს მაღლივ კორპუსს შორის რეაბილიტირებული, თუმცა ისევ გაჩერებული საბაგიროს ისტორიას.

“ლალიაშვილმა გვითხრა, ეგ თემა არ გაშუქდეს, რადგან მერიაში ნერვიულობენო. მეტი არგუმენტი არ ყოფილა. ამის შემდეგ აღარ დაურეკავთ იმიტომ, რომ არ დავემორჩილეთ მოთხოვნას”, - იხსენებს ჟურნალისტი ანა ცხოვრებოვა.

ამ სატელეფონო ზარიდან რამდენიმე კვირაში გადაცემა დაიხურა.

“ბოლოს გადაცემა რომ დაიხურა, რამდენიმე შეხვედრა იყო და გვეუბნებოდნენ, შეასრულეთ, რაც გევალებათ და იმუშავეთ იმ ალტერნატივაზე, რასაც გთავაზობთ, ან მიიღეთ თქვენი გადაწყვეტილება”, - ამბობს ანა.

3 ოქტომბერს ჟურნალისტების არგუმენტებისა და აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდეგ პროფესიულმა საბჭომ, საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ მიიჩნია, რომ მეორე პრინციპი, რომელიც კრძალავს ჟურნალისტის იძულებას, დათმოს პროფესიული სტანდარტები და წავიდეს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ დარღვეულია.

ნიკა ლალიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქარტიამ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მას ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა , ან იძულება წასულიყვნენ საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არასდროს უცდია:

"ეს იყო ჩვეულებრივი საუბარი ხელმძღვანელსა და თანამშრომელს შორის. სადაც ხელმძღვანელი ეუბნებოდა თანამშრომელს, რეკომენდაციის სახით, როგორ სჯობდა მასალის გაკეთება... [საუბარში] არ ფიგურირებდა არანაირი ოპოზიცია... სრულიად ნათელია ჩემთვის, რომ სპეკულაცია ხდება"

საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია გადაწყვეტილების დასაბუთებისას აღნიშნავს:

“წარმოდგენილი მტკიცებულებებით საბჭოსათვის ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას, ჟურნალისტის იძულებას, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. ჟურნალისტის აზრი და ქცევა იყო მისი სურვილი, რომ დაეცვა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპები, ამბები აუდიტორიისათვის მიეწოდებინა დაბალანსებულად, ობიექტურად. ამის საპირისპიროდ მას სთხოვდნენ და აიძულებდნენ, რომ ცალმხრივად და მიკერძოებულად ემუშავა, არ გააკრიტიკებინა ხელისუფლება.

ტელეკომპანია “იმედი” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა საქართველოში და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ მისი დირექტორი არა მხოლოდ ახორციელებს კომპანიის ადმინისტრაციულ მენეჯმენტს, არამედ პირდაპირ ჩართულია სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში და ამავე დროს, ამ ჩართულობის წინაპირობაა მისი მოსაზრებები, რომ ბალანსი ცუდია, სარედაქციო დამოუკიდებლობა არ არსებობს, ჟურნალისტური საქმიანობა ომია კონკრეტული პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგოდ და მეორე ძალის სასარგებლოდ. საყურადღებოა არხის დამოკიდებულება საკუთარი მაყურებლების მიმართ, რომ მაყურებელი უნდა „დაკრისტალდეს“ და მათ უნდა მიეწოდოს მხოლოდ მიკერძოებული ინფორმაცია.”

ქარტიამ მეორე მუხლის დარღვევა სულ ორ შემთხვევაში დაადგინა. პირველი შემთხვევაც "იმედს" უკავშირდება. 2016 წელს არხის დირექტორის წინააღმდეგ ქარტიას შალვა რამიშვილმა მიმართა. მაშინ ქარტიამ დაადგინა, რომ დირექტორი წამყვანს მისთვის სასურველი სტუმრის მიწვევას და პოლიტიკური დებატების იმიტაციას სთხოვდა, რასაც საბოლოოდ ჟურნალისტი დასთანხმდა.

“მაესტროდან” წამოსული იგივე სარედაქციო გუნდი ბიზნესზე გადაცემას ახლა “ფორმულაზე” ამზადებს. ამჟამად ჟურნალისტები იგივე საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნასაც ელოდებიან. სამომავლოდ მათ უნდა გადაწყვიტონ დაიწყებენ თუ არა სამართლებრივ დავას მედიაჰოლდინგ “იმედის” დირექტორის ნიკა ლალიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG