Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწვანე ალტერნატივა: საზოგადოებასთან კონსულტაციის გარეშე იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა


ძველი იპოდრომის ადგილას გასაშენებელი ახალი პარკის ესკიზი
ძველი იპოდრომის ადგილას გასაშენებელი ახალი პარკის ესკიზი

არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" განცხადებით, თბილისის მერიის ქმედებები ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის აშენების პროცესის საწყის ეტაპზევე ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო სივრცით სარგებლობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

მათი განცხადების მიხედვით, თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც ქალაქის გარემოსა და თბილისის მაცხოვრებელთათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯერ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა ის საზოგადოებას. მერიამ, ამით, დაარღვია ორჰუსის კონვენციის მოთხოვნები, რომლის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს კი, ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.

ასევე, მერიის გეგმა, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე ახალი პარკის აშენებისას მნიშვნელოვნად შეიცვალოს ამ ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ბუნებრივი გარემო, მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეული სპორტული აქტივობების გაგრძელება, გაშენდებოდა არა დეკორატიული, არამედ, ეკოლოგიური ფუნქციების მქონე ადგილობრივი სახეობები, რომელთა მოვლა გაცილებით იაფი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს.

მწვანე ალტერნატივია თბილისის მერიას მოუწოდებს შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები და ახსენებს, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი; ასევე, 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის გაშენება ექვემდებარება კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას, რაც იმას ნიშნავს, რომ:

  • თბილისის მერია ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. სკრინინგის განცხადება);
  • სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასებას (გზშ-ს);
  • სამინისტრო, ასევე, ვალდებულია, კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

“ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, დაახლოებით 36 ჰექტარი, თბილისს აჩუქა, დაახლოებით 8 ჰექტარი კი, ამ ადგილის ყველაზე გამწვანებული ადგილი კვლავ მის საკუთრებაში რჩება. ძველი იპოდრომის ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის საკუთრება თითქმის 10 წლის განმავლობაში იყო და მას ძველი მეპატრონისგან ამ ტერიტორიის ყიდვისას გადმოჰყვა ვალდებულება ამ სარეკრეაციო სივრცეში პარკის მოწყობის შესახებ. თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ახალი პარკის მოსაწყობად სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და დაახლოებით 2 წელიწადს გასტანს.

ასევე ნახეთ:

როგორ აჩუქა ივანიშვილმა თბილისელებს მათივე იდეა წინასაარჩევნოდ

როგორი იქნება თბილისური ცენტრალური პარკი ​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG