Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში აფეთქდა რაკეტა, შესაძლოა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რაიონიდან


დაღესტნის მთები (საილუსტრაციო ფოტო)
დაღესტნის მთები (საილუსტრაციო ფოტო)

დაღესტნის აგულის რაიონში უცნობი ჭურვის ნამსხვრევები იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ეს იყოს მთიანი ყარაბაღის საბრძოლო მოქმედებების ზონიდან გასროლილი რაკეტა.

სოფელ ჩირაგის მოსახლეებმა ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გაიგონეს აფეთქების ხმა, გუშინ კი მწყემსმა აღმოაჩინა მისი ადგილსამყოფელი - 15-20 მეტრის დიამეტრის კრატერი და სავარაუდო ჭურვის ნამსხვრევები, აცხადებენ რაიონის ადმინისტრაციაში. შემთხვევის ადგილი მოინახულეს რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროსა და ფსბ-ს წარმომადგენლებმა და ნამსხვრევები თან წაიღეს.

საგამოძიებო ჯგუფის, Conflict Intelligence Team-ის ხელმძღვანელმა რუსლან ლევიევმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ ნაპოვნი ნამსხვრევები სამხედრო ჭურვის, კერძოდ - რაკეტისაა. კრატერის ზომაც მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს საბრძოლო ჭურვთან და არა სასწავლოსთან.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. დაღესტნის სოფელი ჩირაგი სამხედრო მოქმედებების ზონიდან დაახლოებით 200-250 კილომეტრითაა დაშორებული. ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა სამხედრო ჭურვი ჩამოვარდნა სოფლის მახლობლად. მაგრამ სოცქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს ტექნიკური წარწერები რუსულად.

როგორც მედიაკომპანია „ერბეკა“ იტყობინება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შეიარაღებაში აქვთ საბჭოთა წარმოების რამდენიმე ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი. კერძოდ, სომხეთის ხელთ არსებული რაკეტების მაქსიმალური წვდომა 300 კილომეტრია, მაგრამ არ არის ცნობილი, გამოიყენება თუ არა ისინი მთიან ყარაბაღში. სომხეთს მოეპოვება რუსული წარმოების „ისკანდერის“ ტიპის თანამედროვე სარაკეტო კომპლექსებიც. ერევანმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს მათ, თუმცა გააკეთა თუ არა ეს მიმდინარე კონფლიქტში, ასევე არ არის ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG