Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არქიმანდრიტი კირიონი იხსენებს ალასანიასა და ღარიბაშვილისთვის მასალების გადაცემას


არქიმანდრიტი კირიონი
არქიმანდრიტი კირიონი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საკითხზე „იმედი“-ს ეთერში ილაპარაკა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა, რომლის გამოკითხვის შინაარსიც „კარტოგრაფების საქმის“ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარადგინა.

როგორც არქიმანდრიტი ამბობს, სადავო რუკის არსებობის შესახებ ინფორმაცია მას ჰქონდა სასაზღვრო პოლიციაში მომუშავე ძველი თანამშრომლებისგან.

„როდესაც ამ რუკის ძიება დავიწყეთ, პირველ რიგში მივედით სასაზღვრო პოლიციაში, ნატალია ილიჩოვასთან. როდესაც მას ვუთხარით, რუკას ვეძებთ, სად არის, თქვენ ხო არ გაქვთ? მან გაიოცა, ძალიან დაიბნა და თქვა, რომ არაფერი არ იცის: „ივერი არაფერში არ მახედებდა, ყველაფერს ივერი წარმართავდა და ივერის ჰკითხეთ“, - ამბობს კირიონი.

არქიმანდრიტის მტკიცებით, მას რუკის არსებობაში ეჭვი არ ეპარებოდა.

„ამიერკავკასიის ფედერაციის დროს საქართველო ცენტრი იყო. ყველანაირი მასალა ინახებოდა ჩვენთან, ჩვენგან წაიღო შემდეგ სომხეთმა და აზერბაიჯანმა. როგორ შეიძლებოდა, რომ ცენტრში არ დარჩენილიყო მასალა. ჩვენ, როდესაც დავიწყეთ ამ რუკისა და მასალების მოძიება, არქივიდან გამქრალი იყო ეს ნომენკლატურა და ვერ ვპოულობდით. სადღაც, რომ იყო, ფაქტია და მადლობა ღმერთს, რომ მივაგენით. დადასტურდა ჩვენი ეჭვი, რომ შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ამ რუკის არარსებობა. კომისიას ექნებოდა ეს რუკა და სადღაც დალექილი იქნებოდა“, - აღნიშნავს სასულიერო პირი.

არქიმანდრიტი რუკის საკითხით 2014 წელს დაინტერესდა და დახმარება იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას სთხოვა.

„ბავშვობის მეგობარ ირაკლი ალასანიასთან მივედი თხოვნით, პირველ ეტაპზე ჩემ მიერ მოძიებული მასალები მაქვს და გთხოვ, დამეხმარე, იმიტომ, რომ ჩემი რესურსი არ ჰყოფნის ამის გაღრმავებას. მაშინ გადახედა ამ მასალებს ირაკლი ალასანიამ. დაუკავშირდა ბატონ ნოდარს, კარტოგრაფიულ განყოფილებას. მან გასცა დავალება, რომ მოგვეძებნა რუკები და კარტოგრაფიული მასალები.

როდესაც ჩვენი პოზიციის უტყუარობაში დავრწმუნდით, მაშინ მოხდა ამ მასალების წარდგინება მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. მადლობა ღმერთს, რომ მან ეს ღირსების საქმედ გაიხადა და გასცა განკარგულება ამ საქმის სრული შესწავლის. ეს მასალები, რაც ჩვენ გვაქვს, მაშინ, არის მოძიებული“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი.

კირიონი იხსენებს, რა ფარგლებში მოქმედებდნენ საქართველოს მესაზღვრეები:

„ჩვენ გამოძიება გვქონდა რუკისა, ჩვენ გვჭირდებოდა დამადასტურებელი მასალა იმისა, რომ გარეჯის თხემის ძირიდან საზღვარი გადიოდა მინიმუმ 600 მეტრში აზერბაიჯანის სიღრმეში. ჩვენი სასაზღვრო პატრული დადიოდა თხემის ძირიდან 600 მეტრში“. ის ამბობს, რომ 1996 წელს, როდესაც ბერთუბნის მონასტერში ახალი ჩასული იყო, ყოველდღე ხედავდა საქართველოს სასაზღვრო პატრულის მოძრაობას.

„10 წელი ისე ვიცხოვრე გარეჯში, რომ არ მინახავს აზერბაიჯანელი მესაზღვრე იმ ტერიტორიებში. შემდგომ წლებში, ჯერ ჩვენი პატრული გაქრა ამ ტერიტორიიდან და გამოჩნდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები“, - აღნიშნავს არქიმანდრიტი. ის ამბობს, რომ 2005 წელს ნახა პირველად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.

არქიმანდრიტის ჩვენება [რომელიც ერთვის საქმის მასალებს] სარწმუნო არ არის „კარტოგრაფების საქმეზე" ბრალდებული ივერი მელაშვილისთვის. „ბერ კირიონს ჰგონია, რომ რაღაც იცის... სინამდვილეში, საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხო!" - თქვა სასამართლო პროცესზე ივერი მელაშვილმა.

„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG