Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობა შეუფარდეს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას


„კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატები სასამართლო პროცესის თუნდაც ხვალამდე გადადებას მოითხოვდნენ, რათა დაცვის მხარეს საქმის მასალების მშვიდად გაცნობის საშუალება ჰქონოდა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ივერი მელაშვილმა და ნათალია ილიჩოვამ ილაპარაკეს სასამართლო პროცესზე.

„არ ვაპირებ ამ ბინძური ბრალდებით ვიარო. დაანებეთ ამ პოლიტიკობანას თავი. არა ხართ ეს უწყება, რომ უნდა ერეოდეთ პოლიტიკაში. გავა ეს არჩევნები და ხვალ და ზეგ ერთმანეთს ხომ უნდა ვუყუროთ თვალებში. ვერც ციხე ვერ გამტეხს, მაგრამ ამ ბრალდებას მე ვერ შევეგუები, ჩემს უკან ოჯახია, წინაპრები და ის, რომ ქართველი ვარ. ეს არის სიბინძურემდე მისული რაღაც. თემა სენსიტიურია და თითოეული გაუაზრებელი განცხადება პროცესს ვნებს. არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვერც გაქცეული და ვერც სადმე მყოფი მე ამისთანა ბრალდებები ვერ მცვლის“, - მელაშვილის განცხადებას „პირველი არხი" ავრცელებს.

ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ მათთვის უცხოა წარდგენილი ბრალდება. „ეს რუკა არის ინტერნეტშიც. სწორედ ამ რუკაზე ვამბობთ, რომ ეს არაა სრულყოფილი. შეგიძლიათ, შეადაროთ ძველი რუკა და ახალი თანამედროვე რუკა. იქ იმ დატანილ წერტილს ვერ ნახავთ. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რუკები არ არის სრულყოფილი. ჩვენ გვაქვს კიდევ სრულყოფილი რუკები, ჩვენ ვხელმძღვანელობთ 1938 წლის დადგენილებით. გვაქვს უკეთესი ვარიანტები რუკების, არის უფრო ზუსტი და უფრო უკეთესად არის დატანილი საზღვრები. დღეს როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდი თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობ, რომ აქ რაღაცა იკარგება, ეს არაკორექტულია, სულ მცირე. რაც შეეხება იმას, რომ დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ვარაუდია?

მე და ივერიმ მთელი საზღვარი ფეხით მოვიარეთ, ჩვენ ვიარეთ ქედები, მდინარეები და ყველა რელიეფი ვიცით. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ამ პროცესისას რუკების შედარება შეიძლება მაგიდასთან, მაგრამ წადით საზღვართან და შეადარეთ რამდენად, სწორია ეს რუკები", - თქვა ნატალია ილიჩოვამ.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG