Accessibility links

ტრამპმა დაასრულა კორონავირუსზე მკურნალობა, შეუძლია სრულად დაუბრუნდეს საარჩევნო კამპანიას


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასრულა კორონავირუსზე მკურნალობა და 10 ოქტომბრიდან შეუძლია სრულად დაუბრუნდეს თავისი მოვალეობების შესრულებას - აცხადებს თეთრი სახლის ექიმი.

ექიმი, შონ კონლი ამბობს, რომ ეს იქნება ტრამპისთვის დიაგნოზის დასმიდან მეათე დღე და აცხადებს, რომ "გუნდის მიერ გამოყენებული, მაღალგანვითარებული დიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, სრულად მოველი, რომ პრეზიდენტი ამ დღეს უსაფრთხოდ დაუბრუნდება საჯარო მოვალეობების შესრულებას".

ტრამპმა სამი დღე დაჰყო საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირების მკურნალობის მიზნით, და შემდეგ, 5 ოქტომბერს, თეთრ სახლში დაბრუნდა. კონლის განცხადების შემდეგ ტრამპი ამბობს, რომ შეეცდება დაესწროს 10 ოქტომბერს დანიშნულ საარჩევნო შეხვედრას.

მთავრობის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის თქმით, 24 საათში ჩატარებული ორი PCR ტესტის უარყოფითი შედეგი არის მთავარი ფაქტორი, რომელიც აჩვენებს პირი კვლავ გადამდებია თუ არა.

ტრამპმა მანამდე გამოაცხადა, რომ, მისი აზრით, გადამდები აღარ არის და თავს კარგად გრძნობს საიმისოდ, რომ აღადგინოს წინასაარჩევნო შეხვედრები, რომლებიც ჯანდაცვის სფეროს მესვეურებში აჩენენ კორონავირუსის გავრცელების შიშს. ბევრი პირი, რომელიც ამ შეხვედრებში მონაწილეობს, არ ატარებს ნიღაბს.

მანამდე ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა არჩევნებზე თავის დემოკრატ მეტოქესთან, ჯო ბაიდენთან დარჩენილი დებატების ჩატარების შესაძლებლობა - განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ კვირაში დანიშნულ მეორე დებატებში, მას შემდეგ, რა ორგანიზატორებმა თქვეს, რომ დებატები "ვირტუალურად" ჩატარდება, ჯანდაცვის მოსაზრებებიდან გამომდინარე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG