Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარმონიის ნგრევის წინ


“მძიმე დღის ბოლო” (1964, დიდი ბრიტანეთი, “A hard day’s night”, რეჟისორი რიჩარდ ლესტერი)

9 ოქტომბერს ჯონ ლენონი 80 წლის გახდებოდა. იცით, ალბათ, როგორ აფორიაქდა მუსიკის სამყარო ჯერ კიდევ 60-იანი წლების დასაწყისში, როცა ლენონმა თქვა, “იესო ქრისტეზე უფრო პოპულარულები ვართო”... ამ სიტყვებმა კიდევ უფრო პოპულარული გახადა ლივერპულელი ბიჭების ოთხეული - მათი აღბეჭდვა კინემატოგრაფისტებმა მოინდომეს - თანაც, ძალიან ნიჭიერმა კინემატოგრაფისტებმა.

“მძიმე დღის ბოლო” არ ძველდება. ესაა ვნებიანი, ხალისიანი, გარკვეული თვალსაზრისით, იმედიანი 60-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო დოკუმენტი, შესაძლებელია უკეთესიც იმაზე, რასაც იმხანად ცნობილი დოკუმენტალისტები აკეთებდნენ. დააკვირდით: გასული საუკუნის 60-იანი წლების ქრონიკას რომ ვუყურებთ, პირველ რიგში რას ვაქცევთ ყურადღებას? მოდას, ადამიანების ჩაცმულობას, თმის ვარცხნილობას, მანქანებს... ზოგადად, წარსულის კადრებს, თუკი ისინი რაიმე მნიშვნელოვან მოქმედებას არ გამოხატავენ, ადამიანი ყოველთვის ასე უყურებს, მაგრამ 60-იანი წლები, ჩემი აზრით, განსაკუთრებით გამოირჩევა სწორედ დიზაინით. ის დროა, როცა არა მარტო სამყარო ბობოქრობს, არამედ სტილის ეპოქები სრულდება. არსებითად ეს “სუფთა ფორმის” უკანასკნელი ამოსუნთქვაა კულტურაში და, შესაძლებელია, უკანასკნელი რევოლუციაც. თუმცა ლესტერის ფილმში, ვფიქრობ, გარემოსა და ფორმაზე უფრო საინტერესო თავად კინოა, ის, თუ როგორ აღბეჭდავს ბრიტანელი რეჟისორი თავის საყვარელ მუსიკოსებს

“რევოლუციის წინ” - ასე ერქვა ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმს, რომელიც ზუსტად იმ დროს გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე, როცა ლონდონში “მძიმე დღის ბოლოს” პრემიერა შედგა. ორივე ეს სურათი აბსოლუტურად ერთნაირ განწყობას ქმნის, ერთნაირად ახასიათებს ეპოქას, ოღონდ ლესტერის სურათის ეფექტი სრულიად განსაკუთრებულია - მუსიკოსები აქ საკუთარ თავს განასახიერებენ, თანაც როგორ - ყოველგვარი ექსცენტრიკის, ხმაურის, ეფექტებზე თამაშის გარეშე. ისინი მღერიან, მაგრამ პუბლიკა ჭკუიდან იშლება, ნამდვილ ექსტაზშია. „ბითლზის“ მუსიკოსები არ დგამენ შოუს, არ თამაშობენ სპეცეფექტებზე, რასაც თითქმის ყველა აკეთებს დღეს აუდიტორიის მისაზიდად. უფრო მეტიც, ისინი არ მღერიან ერთი კონკრეტული თაობისთვის, მაგალითად, მხოლოდ თინეიჯერებისთვის. მათ თითქოს მართლაც უნდათ იყვნენ იესო ქრისტეზე უფრო პოპულარულები, მაგრამ “მძიმე დღის ბოლოში” აკეთებენ იმას, რასაც სხვები ვერ ახერხებენ - ინარჩუნებენ საკუთარ თავს თამაშის დროსაც კი. რიჩარდ ლესტერს შემთხვევით არ შემოჰყავს ფილმში პოლ მაკარტნის პაპის პერსონაჟი - უფროსი თაობა მხარს უჭერს ბიჭებს! უფროსი თაობა ხედავს, რომ “ბითლზი” უმღერის არა მარტო თავის ფანატებს. ლივერპულელი ბიჭების ოთხეული, თუ შეიძლება ითქვას, ზოგადად, ადამიანს მიმართავს.

თუმცა “მძიმე დღის ბოლო” სწორედ “ბითლზების” ფანატებს უნდა მოსწონდეთ ყველაზე მეტად. მიაქციეთ ყურადღება ფილმის გადაღების თარიღს - 1964 წელი. ის დრო, როცა “ბითლზი” ერთიანია ისე, როგორც არასდროს. რაც მთავარია, ამ ერთიანობას, ფაქტობრივად, ჯერ არ ჰყავს გამორჩეული ლიდერი, უფრო სწორად, ჯერ არ ჩანს ოთხეულის რომელიმე წევრს ლიდერობაზე ჰქონდეს პრეტენზია. ასეთი “ჰარმონიულობა” ლესტერის ფილმს კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს. “რევოლუციის წინ” ნიშნავს არა მარტო პერიოდს, როცა დასამახსოვრებელი მელოდიები (სიყვარულსა და ერთგულებაზე) უფრო პრეტენზიული, უფრო ღრმა და უფრო ბობოქარი სიმღერებით არ შეცვლილა.. არა, ესაა პერიოდი, როცა ჯერ რევოლუცია არ მომხდარა, ანუ ნგრევა არ დაწყებულა, სწორედ ის რევოლუცია, რომელსაც ჯერ “ჰარმონიული ოთხეულის” დაშლა მოჰყვა, შემდეგ კი დიდი მუსიკოსის, დიდი პოეტის მკვლელობა.

კინოში “ბითლზებს” ნამდვილად ჰქონიათ იღბალი - მათი შემოქმედებით ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი დაინტერესდა კინოს ისტორიაში. თავიდან, 60-იანი წლების დასაწყისში, რიჩარდ ლესტერი ბრიტანელ “გაბრაზებულებთან” ერთად განიხილებოდა იმ კინორეჟისორებთან ერთად, რომლებმაც სოციალური და პოლიტიკური სიმძაფრით გაამდიდრეს ინგლისური და, შესაძლებელია, საერთოდ მსოფლიო კინო. მაგრამ ლესტერმა სხვა გზა აირჩია - მუსიკალური კომედიის გზა, თანაც, საკმაოდ უჩვეულო ჟანრი. ის, რასაც რიჩარდ ლესტერი აკეთებს “ბითლზებთან” ერთად, არც მთლად დოკუმენტური კინოა და არც მთლად მხატვრული; არც მიუზიკლია - ჟანრი, რომელიც სწორედ 60-იან წლებში ხდება განსაკუთრებით პოპულარული; ლესტერი არ მალავს, რომ ფილმში ვისმენთ “ბითლზების” სტუდიურ ჩანაწერს, არა აქვს სურვილი ჩართოს ხმაურები მუსიკაში (რეალურობის ეფექტის გასაძლიერებლად). ლესტერი გვთავაზობს არა მიუზიკლს, არამედ ეპოქის ორიგინალურ დოკუმენტს, რომელიც, ცხადია, მნიშვნელოვანია მუსიკის ისტორიისთვის, მაგრამ, პირველ რიგში, კინოს ისტორიისთვისაა მნიშვნელოვანი.

“მძიმე დღის ბოლო” აწყობილია როგორც კომედიური სკეტჩების თაიგული ლივერპულელი ბიჭების მონაწილეობით. ზოგი ეპიზოდის იუმორი მოძველებულია, ზოგიც მეტისმეტად ბრიტანულია და ხანდახან, უბრალოდ, გაუგებარი. მაგრამ იუმორი ლესტერის თვითმიზანი არაა. ბრიტანელი რეჟისორი აქ, ამ ფილმში და თავის შემდეგ სურათებში, რომელთაგანაც გირჩევთ აუცილებლად ნახოთ მისი სერია მუშკეტერებზე, ცდილობს აღადგინოს ეკრანზე “მუნჯი კინოს” ეპოქის ექსცენტრიკული კომედიები, პირველ რიგში, ძმები მარქსების ცოტა არ იყოს დაუფასებელი შედევრები, რადგანაც, როგორც ერთ ინტერვიუში ამბობს, “ექსცენტრიკა კინოს არქეტიპია. არც ერთ სხვა ხელოვნებას არ შეუძლია ასე ეფექტურად აჩვენოს ცენტრიდან, ნორმიდან გადახრა თავისუფლების შეგრძნების მიზნით ისე, როგორც ამას კინო აკეთებს”. მნიშვნელოვანი ისაა, რომ ლესტერი მუნჯი კინოს ენას მუსიკალური კინოს ჟანრის ფარგლებში მიმართავს. ნამდვილად გაბედული ნაბიჯია!

რაც შეეხება ჰარმონიას, ერთიანობა და თანასწორობის სილამაზე დაინგრევა არამარტო “ბითლზების” შიგნით. 1967 წელს რიჩარდ ლესტერი გადაიღებს თავის საუკეთესო ფილმს, სატირულ კომედიას - “როგორ მოვიგე ომი”, რომელშიც მთავარი როლის შესასრულებლად არა ოთხეულის ყველა წევრს, არამედ მხოლოდ ჯონ ლენონს მოიწვევს. ლენონის დაბადების დღეზე, წესით, სწორედ ამ ფილმის ნახვა უნდა მერჩია თქვენთვის. მაგრამ უნდა მაპატიოთ - ჩემთვის ლენონი, პირველ რიგში, “ჰარმონიული ოთხეულის” ერთ-ერთი წევრია.

  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG