Accessibility links

ივერი მელაშვილის მეუღლე - ამ „სპექტაკლზე“ მუშაობა წელიწად-ნახევარი მიმდინარეობდა


თამარ სულაძის განცხადებით, მისი მეუღლე, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი, პოლიტიკური თამაშების მსხვერპლი გახდა.

„ქართულმა ოცნებამ“ დიდი სპექტაკლი დადგა, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მიწები გაასხვისეს, თავად კი საქართველო გადაარჩინეს“, - თქვა მან 10 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე. თამარ სულაძის თქმით, ამ გეგმაზე წელიწად-ნახევარი მუშაობდნენ და მისი მეუღლეც იმიტომ დააპატიმრეს, რომ მის განხორციელებაში ხელისუფლებას ხელს უშლიდა.

მისი თქმით, ივერი მელაშვილი მოლაპარაკებისას სწორედ იმით იყო გამორჩეული, რომ დათმობებზე არ მიდიოდა. „აზერბაიჯანულ კომისიას რამდენჯერმე უთქვამს, რომ მათ არ უნდოდათ კომისიაში ჩემი მეუღლე ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ერთ გოჯსაც არ უთმობდა მათ, მათ კი უნდოდათ, ვიღაც ისეთი ყოფილიყო, ცოტა რბილი, რომელიც მათ სასარგებლოდ დათმობდა რამეს. ეს კი არაფერს არ უთმობდა, არც კომპეტენცია აკლდა, რომ შეცდომით ვინმესთვის რაღაც დაეთმო, არც თავის მიწას დაუთმობდა ვინმეს“, - განაცხადა თამარ სულაძემ.

8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით ორივეს პატიმრობა შეუფარდა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG