Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობები საბრძოლო მოქმედებების შესახებ აზერბაიჯანულ და სომხურ ძალებს შორის, ასუსტებს მთიანი ყარაბაღის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის იმედს


ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალებს შორის, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა 11 ოქტომბერს, ძალაში მისი შესვლიდან ერთ დღეში.

ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს თავდასხმებში, რომლებიც მათი ინფორმაციით განხორციელდა ზავის ძალაში შესვლის შემდეგ 10 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით შუადღისას.

აფეთქებამ შეარყია მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის დედაქალაქი სტეფანაკერტი 10 ოქტომბრის საღამოს და დღის პირველ ნახევარში.

სეპარატისტული ანკლავის ეთნიკური სომხების დე ფაქტო შეიარაღებული ძალები ასევე ბრალს სდებენ აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის სხვა ქალაქების დაბომბვაში.

10 ოქტომბრის საღამოს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა განცხადებით, რომელშიც აზერბაიჯანს ზავის პირობების დარღვევაში ადანაშაულებენ.

ღამით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთიდან გაშვებულმა რაკეტებმა კვლავ დარტყეს განჯას, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქს.

გავრცელდა ცნობები განჯაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანის მიერ გავრცელებულ ცნობას უწოდა „დეზინფორმაცია“, რომელიც „საკუთარი ქმედებების დაფარვისკენ“ არის მიმართული.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ იტყობინებოდნენ ბრძოლების შესახებ დაპირისპირებული მხარეების ძალების გამყოფი ზოლის გასწვრივ.

9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის შუამავლობით მხარეებმა მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ორკვირიანი მძაფრი ბრძოლების შემდეგ.

ამ შეთანხმებით, სამშვიდობო მოლაპარაკების კვლავ დაწყებას შუამავლობა უნდა გაუწიოს ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი. მოლაპარაკების არსებული ფორმატი კვლავ დარჩება და არ შეიცვლება დროთა განმავლობაში.

XS
SM
MD
LG