Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნები ამკაცრებენ შეზღუდვებს კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი ზრდის ფონზე


ევროპის ქვეყნებს შემოაქვთ მთელი რიგი ახალი შეზღუდვები იმ ფონზე, როდესაც კონტინენტს თავს დაატყდა ახალი კორონავირუსის ინფექციის მეორე ტალღა.

ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ გადამჭრელი მოქმედების გარეშე მომდევნო კვირებში, როდესაც მოიმატებს გრიპით დაავადების რისკი, - საავადმყოფოები შესაძლოა გადაიტვირთოს პაციენტებით და მოხდეს ჯანდაცვის კოლაფსი.

ევროპაში დღე-ღამეში საშუალოდ ინფიცირების 100 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ეპიდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს ბრიტანეთი, რუსეთი, ესპანეთი, საფრანგეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა.

რუსეთში 11 ოქტომბერს გამოვლინდა კორონავირუსის 13 000 ახალი შემთხვევა, რაც ეპიდემიის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საფრანგეთში გაორმაგდა აპრილის თვის სარეკორდო მაჩვენებელი და ბოლო ორი კვირის განმავლობში ქვეყანაში საშუალოდ კორონავირუსის 20 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, 12 ოქტომბრისთვის, პარიზის გარდა, საფრანგეთის კიდევ 7 ქალაქი გადავიდა საგანგებო მდგომარეობაზე. ჩეხეთის მთავრობა 14 ოქტომბრისთვის გეგმავს ზომების კიდევ უფრო გამკაცრებას. 5 ოქტომბრიდან ქვეყანაში დახურულია ყველა სპორტდარბაზი, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები. ხელისუფლებამ სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტებს მოუწოდა, დაეხმარონ საავადმყოფოებს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 12 ოქტომბერს გამოაცხადებს ახალ ზომებს კორონავირუსის გავრცელების მხრივ „ცხელ წერტილად“ ცნობილ ჩრდილოეთ ინგლისში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი მკაცრი შეზღუდვების დასაწესებლად ემზადება იტალიაც.

XS
SM
MD
LG