Accessibility links

logo-print logo-print

საია: სექტემბერში მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა გამოვლინდა


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. შუალედური ანგარიში სექტემბრის თვეში გამოვლენილ დარღვევებს ფარავს. საერთო ჯამში, საიას დამკვირვებლებმა ერთი თვის განმავლობაში დააფიქსირეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის 1 შემთხვევა, ამომრჩევლის მოსყიდვის 1 შემთხვევა, პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნის 3 შემთხვევა და მუქარისა და ძალადობრივი ქმედებების 11 შემთხვევა. როგორც საიას ხელმძღვანელმა, სულხან სალაძემ განმარტა, ამ 11 შემთხვევიდან ყველაზე მეტი პარტია "ლელოს" წევრების მიმართ გამოვლინდა.

საიას კვლევის მიხედვით, სექტემბერი ზოგადად გამოირჩეოდა ძალადობრივი ქმედებებით, რამაც ბოლნისსა და მარნეულში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების დროს საგანგაშო ხასიათი მიიღო.

„ამ მოვლენებს მიღმა, საიასთვის ცნობილი გახდა ოპოზიციური პარტიების („ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლეიბორისტები“) აქტივისტებზე მუქარისა და თავდასხმის შემთხვევებიც. ყველა მათგანი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, ამჯერადაც გამოვლინდა ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების ხელისშეშლის ფაქტები („ლელო“ და „ერთიანი საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა“), რაც თანასწორი საარჩევნო გარემოსთვის დამაზიანებელია.

ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია რამდენიმე მუნიციპალიტეტის მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე“, - აღნიშნულია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

საიას ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება სამთავრობო პროექტების პერსონიფიცირება და კონკრეტულ პარტიასთან აფილირება. ეს, საიას კვლევით, აღიქმება მმართველი პარტიის კამპანიის ნაწილად და ამომრჩევლის ნებაზე მანიპულაციად.

წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა და ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში 9 რეგიონული მონიტორის მეშვეობით აკვირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG