"ლელომ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე დაასახელა. ის ამავე გაერთიანების წევრმა, დავით უსუფაშვილმა დაასახელა.
"ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას, ახალ ენერგიას, ახლებურ მიდგომას და ახლებურ მმართველობას", - თქვა უსუფაშვილმა ხაზარაძის წარდგენის დროს.
ხაზარაძის თქმით, მისი კანდიდატურა პარტიამ მსჯელობის შედეგად დაასახელა.
"ჩვენ გვაქვს სერიოზული მისია, რომ ამ ქვეყანაში დავამარცხოთ მთავარი მტერი, სიღარიბე, უმუშევრობა და არაპროფესიონალიზმი", - თქვა მან.
მანვე დაასახელა მინისტრობის კანდიდატებიც:
- ეკა ქვლივიძე, საქართველოში პირველი მფრინავი ქალი - თავდაცვის მიმართულება;
- ბადრი ჯაფარიძე, თიბისი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი - ეკონომიკის განვითარება და ფინანსური მიმართულება;
- გიგლა მიქაუტაძე, პროფესიით ეკონომისტი - რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მიმართულება
- ანა ნაცვლიშვილი, საიას გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე - იუსტიცია და სასამართლოს რეფორმირების მიმართულება;
- ლევან კობერიძე, პარლამენტის მოქმედი წევრი - დევნილთა, შრომის და ჯანდაცვის მიმართულება;
- ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი - განათლების, მეცნიერებისა და სპორტის მიმართულება;
- კახა კოჟორიძე, საიას ყოფილი თავმჯდომარე - შინაგანი საქმეებისა და სამართალდამცავების მიმართულება;
- ნიკა შურღაია, იბიარდის ყოფილი დირექტორი - გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მიმართულება
- დავით უსუფაშვილი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე - საგარეო საქმეებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულება;
- სოსო ვახტანგაშვილი, პარლამენტის ყოფილი წევრი - შერიგების მიმართულება;
- მედეა მეტრეველი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი - კულტურის მიმართულება.
ამ დრომდე პრემიერობის კანდიდატები დასახელებული ჰყავთ:
- "ქართულ ოცნებას" - გიორგი გახარია;
- "ნაციონალური მოძრაობა" - მიხეილ სააკაშვილი;
- "სტრატეგია აღმაშენებელი" - გიორგი ვაშაძე;
- "ლეიბორისტული პარტია" - შალვა ნათელაშვილი.
დაწერეთ კომენტარი