Accessibility links

Johnson & Johnson-მა ვაქცინის გამოცდა დროებით შეაჩერა ერთ-ერთი მოხალისის დაავადების გამო


კომპანია Johnson & Johnson-მა დროებით შეაჩერა COVID-19-ის ვაქცინის კლინიკური გამოცდა, ვინაიდან კვლევის ერთ-ერთ მონაწილეს უცნობი დაავადება აღმოაჩნდა.

აშშ-ის ფარმაცევტული გიგანტის ვაქცინა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კანდიდატად ითვლება კორონავირუსის პოტენციურ ვაქცინათა შორის.

„დროებით შევაჩერეთ პრეპარატის მიცემა ჩვენს ყველა კლინიკურ კვლევაში, მათ შორის, მე-3 ფაზის ENSEMBLE-ის ტესტში, ვინაიდან კვლევის მონაწილეს გაურკვეველი დაავადება აღმოაჩნდა“, - განაცხადა კომპანიამ 12 ოქტომბერს.

Johnson & Johnson-ის თანახმად, ასეთი პაუზები ნორმალურია დიდ კვლევებში, რომლებშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობს. მან ასევე აღნიშნა, რომ არის სხვაობა კომპანიის მიერ „კვლევის შეჩერებასა“ და ჯანდაცვის უწყებათა მიერ დაწესებული „რეგულაციით შეჩერებას“ შორის.

Johnson & Johnson-ს არ დაუზუსტებია, რა სახის დაავადება აღმოაჩნდა კვლევის მონაწილეს.

სექტემბერში, კვლევის ერთ-ერთ ბოლო ეტაპზე, მსგავსი პაუზა გამოაცხადა კომპანია AstraZeneca-მ. მას მერე, რაც ბრიტანული კომპანიის კვლევის მონაწილეს მოულოდნელი დაავადების სიმპტომები აღმოაჩნდა, აშშ-ში კვლევა შეაჩერეს, სანამ ჯანდაცვის უწყებები შეისწავლიან ვითარებას. კვლევის ის ნაწილები, რომლებიც ბრიტანეთში, ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და ინდოეთში წარმოებს, კვლავ განახლდა.

სექტემბერში Johnson & Johnson-მა გამოაცხადა, რომ, როგორც ადრეული და საშუალო ეტაპის კვლევებმა აჩვენა, მისი ექსპერიმენტული ვაქცინა ძლიერ იმუნურ რეაქციას წარმოშობს ახალი ტიპის კორონავირუსის წინააღმდეგ.

ამის შემდეგ კომპანიამ დაიწყო კლინიკური გამოცდა 60 ათას ადამიანზე. კვლევის ამ ეტაპის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლოსთვის ან 2021 წლის დასაწყისისთვის მოელიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG