Accessibility links

site logo site logo

ჩეხეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა შეზღუდვები კორონავირუსის ეპიდემიის გამო


ანდრეი ბაბიში

ჩეხეთში, სადაც წუხელ კორონავირუსის 4 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ უფრო გამკაცრდა შეზღუდვები. მთავრობის გადაწყვეტილებით, 12 ოქტომბრიდან დაიხურა ყველა სპორტდაბაზი, კინოთეატრი, მუზეუმი და გალერეა.

14 ოქტომბრიდან ამ ჩამონათვალს დაემატება რესტორნები, ბარები და კლუბები.

თუმცა რესტორნები იმუშავებენ შეზღუდულად. კლიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საჭმლის მიტანის მომსახურებით.


ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის განცხადებით, 2 ნოემბრამდე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა ყველა დონის საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა საბავშვო ბაღებისა. იზღუდება ღია სივრცეში ექვს კაცზე მეტის შეკრება და ალკოჰოლის მოხმარება.


ყველა სახის ტრანსპორტში მგზავრები ვალდებული არიან ატარონ სანიტარიული პირბადეები.

ასევე იკრძალება 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება ეკლესიებში. ვირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ეკლესიებში 2 ნოემბრამდე აიკრძალა გალობა.


სექტემბრის შუა რიცხვებიდან ჩეხეთში საგრძნობლად გართულდა ეპიდემიური ვითარება. ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად ქვეყანაში დარეგისტრირებულია კორონავირუსის 62 170 აქტიური შემთხვევა. ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსისგან 1051 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის გამო ჩეხეთიდან მგზავრების მიღება აკრძალეს ნიდერლანდმა, დანიამ, ბელგიამ, კვიპროსმა და რუმინეთმა. ავსტრიაში, გერმანიასა და სლოვაკეთში გამგზავრებამდე ჩეხეთის მოქალაქეებმა უნდა გაიარონ შემოწმება და დარწმუნდნენ, რომ არ არიან კორონავირუსით დაინფიცირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG