Accessibility links

site logo site logo

დგინდება წესები, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებული, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირები


ანა მიქელაძე, ცესკოს სპიკერი

საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება, 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს როგორც კოვიდინფიცირებულ ადამიანებს, ასევე მათ, ვინც კარანტინსა და თვითიზოლაციაში იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ მიაწოდა. მისი თქმით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ კოვიდინფიცირებული პაციენტებისთვის ან საარჩევნო უბნები გაიხსნება, ან მათი მომსახურება გადასატანი საარჩევნო ყუთებით მოხდება, რაც ამომრჩევლის რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. ანა მიქელაძის თანახმად, დეტალები წესების შესახებ სპეციალური დადგენილების დამტკიცების შემდეგ გახდება ცნობილი.

„აქ საუბარი არის იმაზე, რომ ამ ადამიანებმა არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა 31 ოქტომბერს, ანუ სხვა დღეს კი არ განხორციელდეს მათი ხმის მიცემა, არამედ 31 ოქტომბერს. აქ არის საუბარი რეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობიდან გამომდინარე. იგივე საკარანტინო სივრცეები იქნება თუ სტაციონარი, სადაც არიან ეს პირები განთავსებულები, შესაძლებელია გაიხსნას როგორც საარჩევნო უბანი, ასევე გადასატანი საარჩევნო ყუთი. დამოკიდებული იქნება ამომრჩეველთა რაოდენობაზე“, - უთხრა ანა მიქელაძემ რადიო თავისუფლებას.

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა სპეციალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც კოვიდინფიცირებული და კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი პირების საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის წესის საკითხი განიხილებოდა. მათ შორის, როგორ უნდა გაიხსნას უბნები, რა შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული გადასატანი საარჩევნო ყუთი და როგორ უნდა მოხდეს მონაცემების დათვლა. სამუშაო ჯგუფში შედიან პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო სამოქალაქო ორგანიზაციებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები. შეხვედრაზე საარჩევნო ადმინისტრაციამ სამუშაო ჯგუფს გააცნო დადგენილების პროექტი, რომელში ცვლილებებიც, ანა მიქელაძის თანახმად, ჯგუფის წევრების შენიშვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად შევა. დადგენილების პროექტს ცესკოს სხდომაზე უახლოეს მომავალში უყრიან კენჭს.

13 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 569 შემთხვევაა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 12 841-მდე გაიზარდა. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 6867, გარდაცვლილია - 102. ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდსასტუმროებში კი 1393 პირია განთავსებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG