Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათასობით ოჯახმა დატოვა ჰელმანდის პროვინცია იქ მიმდინარე სასტიკი ბრძოლების გამო


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ათასობით ოჯახმა იძულებით დატოვა ქვეყნის სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინცია, რომელიც სასტიკი ბრძოლის ველად იქცა თალიბ მეამბოხეებსა და სამთავრობო ჯარებს შორის.

პროვინციის დევნილთა საკითხების ხელმძღვანელმა, მოჰამად რამინმა, რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აცნობა, რომ 5000-ზე მეტმა ოჯახმა მიაშურა თავშესაფრის მისაღებად პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ავღანეთის სამთავრობო ჯარები მეამბოხეებთან აწარმოებენ ბრძოლას ქალაქის გარეუბნებში.

გავრცელებული ცნობით, ცოტა ხნის წინ სამთავრობო ჯარები იძულებული გახდნენ, უკან დაეხიათ, რათა თავიდან აეცილებინათ მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. „ახლა ისინი ცდილობენ, უკან დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები“, - განუცხადა ოფიციალურმა წყარომ გერმანულ DPA-ს.



ავღანეთის ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, წუხელ სპეცდანიშნულების ძალებმა ავიაციის მხარდაჭერით დაიწყეს შეტევა ჰელმანდის დედაქალაქის უკონტროლო არეალზე და დახოცეს სულ მცირე 25 თალიბი მებრძოლი.


ამ ბრძოლების ფონია ყატარში დაწყებული სამშვიდობო მოლაპარაკება ქაბულსა და თალიბანის ლიდერებს შორის, რომელმაც ბოლო უნდა მოუღოს ქვეყანაში 19 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG