Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი არ გამორიცხავს დიალოგის შეწყვეტას ევროკავშირის ლიდერებთან


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამორიცხა დიალოგის შეწყვეტა მოსკოვსა და ევროკავშირის ლიდერებს შორის.

ლავროვმა ამის შესახებ განაცხადა 13 ოქტომბერს, სადისკუსიო ფორუმ „ვალდაიზე“ სიტყვით გამოსვლის დროს.

„იმ ადამიანებთან, ვინც დასავლეთის საგარეო პოლიტიკაზე არიან პასუხისმგებელი და არ ესმით ურთიერთპატივსაცემი დიალოგის აუცილებლობა, ალბათ, ჩვენ გარკვეული დროით უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ ურთიერთობა“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ ევროკავშირის პოზიციის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და გერმანიამ, სადაც, შარიტეს კლინიკაში, ჯერ ისევ გადის რეაბილიტაციის კურსს ნავალნი, შეასრულონ თავის საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულება.

მანამდე რუსეთის საგარეო უწყებამ მოუწოდა ბერლინს, განემარტა ვითარება ნავალნისთან დაკავშირებით, რასაც მოსკოვის მტკიცებით, გერმანია „ჯიუტად არიდებს თავს“.

12 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს საფრანგეთსა და გერმანიას ნავალნის მოწამვლის გამო რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესების თაობაზე. მათ მიერ მომზადებულ სიაში, გაზეთ Le Monde-ს თანახმად, შეყვანილია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული და ასევე ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი 9 პირი.

მოსკოვი ამტკიცებს, რომ ნავალნის ანალიზში რუს ექიმებს არ აღმოუჩენიათ შხამის კვალი.

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის დამაარსებელი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს თვითმფრინავში გახდა ცუდად. თვითმფრინავი სასწრაფოდ დაჯდა ომსკში, სადაც ოპოზიციონერი საავადმყოფოში მოათავსეს. 22 აგვისტოს, ოჯახისა და თანამებრძოლების დაჟინებული მოთხოვნით, ნავალნი ბერლინის „შარიტეს“ კლინიკაში გადაიყვანეს. ის 19 დეკემბერს გამოწერეს საავადმყოფოდან, მაგრამ ის გერმანიაში რჩება.

XS
SM
MD
LG