Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი ჰყვება რომ ივანიშვილმა დაურეკა და დახმარება სთხოვა დავით გარეჯის საკითხზე  


დავით ხიდაშელი
დავით ხიდაშელი

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომლის მიერ საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის გადაცემული მასალები საფუძვლად დაედო პროკურატურაში „კარტოგრაფების საქმის“ გამოძიებას, „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში ილაპარაკა, როგორ მოიძია ბიძინა ივანიშვილის თხოვნის შემდეგ.

ხიდაშელი იხსენებს 2017 წელს, როდესაც გაიცნო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. ის საკუთარი ინიციატივით შეხვდა ივანიშვილს და გააცნო საქართველოში რა გეგმები ჰქონდა. მას შემდეგ, როგორც ბიზნესმენი ამბობს, ყოფილ პრემიერს იშვიათად ჰქონდა ურთიერთობა.

დავით ხიდაშელი, რომელიც ამბობს, რომ 2000 წლიდან მისი საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება რუკებთან არის დაკავშირებული, ჰყვება, რომ 2019 წლის სექტემბერში დაურეკა ბიძინა ივანიშვილმა და მისთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა.

„მაშინ მომიყვა, რომ პრობლემები შეიქმნა დავით გარეჯის მონაკვეთთან და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით. მან მთხოვა დახმარება, რომ მომეძიებინა რაღაც რუკა. როცა ჩავეძიე, რაში გჭირდება ჩემი დახმარება, მან მითხრა, დაურეკე [თავდაცვის მინისტრს] ირაკლი ღარიბაშივლს და ის გეტყვის, თავდაცვის სამინისტრომ იცის ეს დეტალები. პირველი შოკი მივიღე მაშინ, გამიკვირდა როგორ შეიძლება მოეთხოვა. ვიცი, რა საშუალებები აქვს, რა რესურსიც აქვს, ვიცი რა თანხებიც აქვს და შვეიცარიაში მცხოვრებ ქართველს ეუბნება, რომ დამეხმარე. მაგის რესურსების და მაგის, ბოდიშით მაგ სიტყვაზე, ფულის პატრონ კაცს, მე მომთხოვს, რომ რუკა მიშოვე, წარმოვიდგინე, რომ მთლად ძაან ცუდად არის საქმე“, - აღნიშნავს ხიდაშელი და აგრძელებს - „მე დავრწმუნდი, რომ ფულით ეს საქმე ასე იოლად ვერ გადაწყდებოდა. არის დრო დასაკარგი და ჩასაწვდომი მაგ საქმეში. მაშინ დავურეკე თავდაცვის მინისტრ ღარიბაშვილს. მან მომცა თავდაცვის სამინისტროს კარტოგრაფიული სამსახურის ნომერი და მითხრა, რომ ისინი შეგხვდებიან და დეტალურად მოგყვებიან, რას ვეძებთ და რა გვაინტერესებს. ვინაიდან საქართველოში არ ვიმყოფებოდი, ვთხოვე ჩემს ერთ ამხანაგს ბეჟან მაისურაძეს ღარიბაშვილს (თუ გახსოვს, ისიც ჩვენი სოფლის გვერდით ცხოვრობდა), შეხვდეს და გამოართვას, რა საბუთები უნდათ. ვინაიდან ტელეფონში არ მელაპარაკებიან, რა უნდათ და ძალიან დიდი თემაა“.

„როსრეესტრი“

ხიდაშელი იხსენებს სასაზღვრო დეპარტამენტში მოძიებულ 1:200 000 მასშტაბის რუკას, რომელიც გამოცემულია 1937 წელს. მისი თქმით, ეს რუკა მისაღები არ იყო არც აზერბაიჯანისთვის და არც არავისთვის, რადგან რუკაზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ხუთი ხაზი არის გავლებული.

„ეს რომ ვნახე, რომ ასეთი რუკა არსებობდა, დავავალე, რომ მოეძებნათ რუსეთის საკადასტრო სამსახურში. თუ არსებობდა სახელმწიფო ორგანიზაცია „როსრეესტრის“ არქივში“, - აღნიშნავს ხიდაშელი - „ეს არის ორგანიზაცია, როგორიც არის საქართველოში იუსტიციის სახლი. რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია რუკის გამოთხოვა. ჩემ მიერ მოთხოვნილი რუკა, რომელიც რუსეთს არ ეხებოდა, მათ არქივში იყო. ჩემმა თანამშრომელმა შეუკვეთა ოფიციალურად და რუსეთში ამოვიღეთ ერთ-ერთი რუკა“.

ხიდაშელი ამბობს, რომ ამ რუკაზე მითითებულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის უდაბნოს მთის ძირას

„გადმოგვცეს ელექტრონული ვერსია და ორიგინალი ვერსია თავისი ბეჭდებით. ეს არის, როგორც იუსტიციის სამინისტრო და სხვა ქვეყნებში ამის ახლიდან გადაკეთება-გადმოკეთების ნებას არ აძლევენ. მე მოვთხოვე, მომეცით-მეთქი, ვინაიდან გაურკვეველი სიტუაცია გვაქვს საქართველოში. მოვთხოვე „როსრეესტრის“ ერთ-ერთ ორგანიზაციას, ვინც აკეთებს რუკებს, „როსკარტოგრაფია“, ვთხოვე, თუ შეიძლება, დამიდგინოთ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ბოლო რუკები. აღმოჩნდა, რომ 1978 წელს იყო ბოლო რუკების გამოშვებული“, - თქვა ხიდაშელმა.

შემდეგ კი დავით ხიდაშელმა ამავე ორგანიზაციას მიმართა რუკების ანალიზის თხოვნით. „თუ შეიძლება, აიღეთ ეს რუკები საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან და აიღეთ ეს რუკები, რაც მოვიპოვეთ ახლა, დაადეთ ერთმანეთს და გამიკეთეთ ანალიზი, რა განსხვავებას იძლევა ეს რუკები. ამ ორგანიზაციამ აიღო აქტუალური 2020 წლის სატელიტური სურათები, დაიტანა ორივე ხაზი, 1938 წლის ხაზთან მთლიანი განსხვავება მოგვცა 16 164 ჰა, ეს არის განსხვავება 1938 წელს გამოშვებული და დამტკიცებულია იმ რუკებსა და იმ რუკებს შორის, რომელსაც 1991 წელს შეუთანხმდებლად სარგებლობდნენ აზერბაიჯანელები და ქართველები. ამ განსხვავებას, როცა უყურებ, 2006 წელს რაც შეთანხმებულია და რაც უკვე მოხდა აზერბაიჯანის ან საქართველოს ტერიტორიაზე, ეს განსხვავება გვაქვს დაახლოებით 8 000 ჰა. მიადეს ეს ორიგინალური რუკები დამამტკიცებელ საბუთად ამ დამამტკიცებელ საბუთზე, ჩამოვიტანე და გადავეცი თავდაცვის სამინისტროს“, - თქვა დავით ხიდაშელმა.

ბიზნესმენმა საქართველოში სულ თორმეტი ეგზემპლარი ჩამოიტანა და ოფიციალური უწყებების გარდა, ერთ-ერთი მათგანი ბიძინა ივანიშვილს გადასცა.

„ბატონ ბიძინას ვუთხარი, გაქვს ყველა საბუთი და თქვენ თვითონ გაარკვიეთ, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის საკითხი. მოვიძიე სხვადასხვა რუკა, აგერ გადმოგეცით და მიხედეთ ახლა თქვენს საქმეს და გაარკვიეთ საზღვარი“, - ამბობს ხიდაშელი.

თუმცა ბიზნესმენი ჰყვება, რომ ეჭვი შეეპარა თავდაცვის სამინისტროს და შეხედეს, რომ დიდი განსხვავებები იყო, ამიტომ, გადაწყვიტეს, ამ საქმის შენახვა არ შეიძლება და პროკურატურას მიმართეს, გაერკვია, იყო თუ არა, დარღვევა/დანაშაული.

„მე ვუთხარი, ეგ ჩემი საქმე არ არის, მე გადმოგეცით, მე გამათავისუფლეთ. თქვენ ვერ გაგათავისუფლებთო, ვინაიდან ჩამოიტანე ეს რუკები, მობრძანდი ბატონო ერთხელ მაინც პროკურატურაში და დაწერე ახსნა-განმარტება, როგორ და რა ჩამოიტანე. მივეცი ჩვენება პროკურატურას. ბევრი საათი ვიჯექი პროკურატურაში და ყველაფერი დეტალურად აღვწერე, რაც ახლა მოვყევი“, - თქვა დავით ხიდაშელმა. მისი თქმით, მასალები ივლისში ჩამოიტანა და სახელმწიფო უწყებებს აგვისტოში გადასცა.

ბიზნესმენი სხვა ქვეყნებში მოძიებული რუკების შესახებაც ჰყვება. „სანამ ამ რუკას მოვიძიებდით [რუსეთში], მოვიძიეთ ამერიკული (ვაშინიგტონში აშშ-ის არმიის მიერ 1951 წელს გამოცემული) რუკა (საერთაშორისო ორგანიზაციებში, როცა ვმუშაობდით, ვმუშაობდით, ამერიკულ ბიბლიოთეკებთან), სადაც მკაფიოდ ნაჩვენებია, სად გადის საზღვარი, ის გადის მთის ძირში, მთა უდაბნოსთან. მოვიძიე მეორე ამერიკული რუკა, რომელიც გამოცემულია 1978 წელს, ვაშინგტონში, თავდაცვის სამინისტროს რუკების სააგენტომ გამოსცა თვითმფრინავების საფრენად, სადაც ნაჩვენებია ზუსტი (იმიტომ, რომ „ცივი ომი“ იყო), საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი გადის მთის ძირში. ავიღე გერმანული რუკა, სადაც საზღვარი გადის მკაფიოდ მთის ძირში“, - ამბობს დავით ხიდაშელი.

8 ოქტომბერს „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG