Accessibility links

site logo site logo

ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ისევ ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ ნეიტრალიზებულია სომხური მხარის რამდენიმე სარაკეტო კომპლექსი, რომლის სამიზნე იყო განჯის, მინგეჩაურის და აზერბაიჯანის სხვა ქალაქების მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. თავდაცის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები განთავსებული იყო ოკუპირებული მთიანი ყარაბაღის კელბაჯარის რაიონში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს, რა საშუალებებით მოხდა სარაკეტო კომპლექსების ნეიტრალიზაცია. ბაქო ირწმუნება, რომ აზერბაიჯანის არმია მკაცრად იცავს ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სიტუაციის გამწვავებაზე მთელ პასუხისმგებლობას „სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ რეჟიმს“ აკისრებს.

თავის მხრივ, სომხური მხარე შეთანხმების დარღვევაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს. გვიან ღამით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანესიანმა განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობდა ჩრდილოეთის მიმართულებით და მოწინააღმდეგის შეტევა მოგერიებულია. ოვანესიანის თქმით, სომხური მხარე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვერ იცავს, რადგან იძულებულია აზერბაიჯანის იერიშებს უპასუხოს.

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე გასულ კვირაში, მოსკოვში შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდა.

მოსკოვში მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა მხარეებმა სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. საზავო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის არმიის“ ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულია 532 სამხედრო და სულ მცირე 31 სამოქალაქო პირი. აზერბაიჯანი თავის სამხედრო დანაკარგებზე არაფერს იუწყება. ბაქოს მონაცემებით, აზერბაიჯანის ქალაქებზე სომხური ძალების თავდასხმებს უკვე ემსხვერპლა 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG