Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: კორონა იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია


საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა, აუცილებლად ატარონ დამცავი ნიღბები და უარი თქვან დიდ სადღესასწაულო ან სხვა სახის შეკრებებზე.

ამირან გამყრელიძის თქმით, მოარული აზრები, რომ კორონა არ არსებობს და მოგონილია, ან სურდოსავითაა და მალე გაივლის, არასწორია, რადგან სერიოზული დაავადებაა, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა და არსებობს პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კიდევ მილიონს შეიწირავს.

„ანუ, ის იქნება უფრო მეტი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ვიდრე არის ტუბერკულოზი, ვიდრე არის მალარია, ვიდრე არის ჰეპატიტი. ეს არის ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელები. კორონა გადაასწრებს მათ უკვე“, - განაცხადა გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მსოფლიოში სერიოზული პანდემიაა და სანამ ვაქცინა და ეტიოტროპული წამალი არ არსებობს, დაცვის ერთადერთი საშუალება პირბადეა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, აცივებასთან ერთად პირბადე ატარონ არა მხოლოდ დახურულ შენობებში, არამედ ღია სივრცეებშიც იმ შემთხვევაშიც კი, როცა დისტანცია დაცულია.

ამირან გამყრელიძემ კვლავ განაცხადა, რომ დაუშვებელია დიდი ქორწილები, ქელეხები და სხვა შეკრებები, რადგან ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში საქართველოში ყველა გავრცელების წყარო იწყებოდა სწორედ ასეთი შეკრებებიდან.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 680 შემთხვევა, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თებერვლის ბოლოდან საქართველოში დაინფიცირდა 13 521 ადამიანი. მათგან უკვე გამოჯანმრთელებულია 7195.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. აპრილის დასაწყისიდან COVID-19-ით გარდაცვლილია 109 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG