Accessibility links

ლელა გულედანი: 30 წელი გადის და დევნილებს იყენებენ ისევ საარჩევნო თემად


ლელა გულედანი

პარტიის „არჩევანი სამშობლოსთვის“ თავმჯდომარე ლელა გულედანი ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა საკითხებით პარლამენტში პრაქტიკულად არავინ ინტერესდება და დევნილებს საკანონმდებლო ორგანოში თავიანთი რეალური წარმომადგენელიც კი არ ჰყავთ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლელა გულედანმა პარლამენტში მისი პარტიის წარმომადგენელთა შესვლის მიზანშეწონილობაზე საუბრისას განაცხადა, რომ დევნილებს წლების განმავლობაში პოლიტიკოსები საარჩევნო თემად იყენებენ და მათი პრობლემების მოგვარებაზე რეალურად არ ზრუნავენ:

„საარჩევნო თემაშიც ნებისმიერი პოლიტიკური გუნდი ათეულშიც კი არ სვამს დევნილს, როდესაც თითო ათეულში თითო დევნილი უნდა იყოს, პროცენტულად იმდენი დევნილი გვყავს ჩვენს ქვეყანას. არც ადგილობრივ არჩევნებზე არსად დევნილები წარმოდგენილები არ არიან და საარჩევნოდ მანიპულირება, საარჩევნოდ დაპირებებია მხოლოდ. ანუ წლებია, 30 წელი გადის და დევნილებს იყენებენ ისევ საარჩევნო თემად, საარჩევნოდ უკანონებენ ბინებს, ჰპირდებიან პრობლემების მოგვარებას და ჩვენი საერთო პრობლემები მაინც ვერავინ ვერ გადაწყვიტა და სათანადოდ პარლამენტში ვერავინ ვერ წარმოადგინა და ვერავინ ვერ აჟღერებს“, - აღნიშნა ლელა გულედანმა „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დევნილებს პარლამენტში თავიანთი წარმომადგენელი ჰყავდეთ.

პარტია „არჩევანი სამშობლოსთვის“, რომლის თავმჯდომარეც ლელა გულედანია, წინასაარჩევნოდ, მიმდინარე წლის ივნისში დაფუძნდა. მანამდე ლელა გულედანი „დევნილთა პარტიას“ ხელმძღვანელობდა. „არჩევანი სამშობლოსთვის“ პრაქტიკულად ამ პარტიის გუნდის ბაზაზე შეიქმნა და მისი საქმიანობის ძირითადი ორიენტირი დევნილთა პრობლემებია. პარტია არჩევნებში მონაწილეობს საარჩევნო ნომრით - 48. პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, „არჩევანი სამშობლოსთვის“ საარჩევნო ტრიბუნის ძირითადად დევნილთა საკითხების დასაყენებლად გამოყენებას აპირებს.

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში მომხდარ შიდა კონფლიქტებს მოჰყვა მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება აფხაზეთიდან (1992-1993 წწ.) და ცხინვალის რეგიონიდან (1989-1992 წწ.). 2009 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 251 000-ზე მეტი დევნილი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, რაც საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 6%-ს შეადგენს. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ, მათ რიცხვს კიდევ 26 000-მდე პირი დაემატა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG