Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე მელქისედეკი "კარტოგრაფების საქმეზე": მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ორ ადამიანს


მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იგი ვერ გაერკვია, რა ხდება „კარტოგრაფების საქმეში“. „როდესაც წმინდა სინოდის წევრმა არ ვიცი, რა ხდება და, ამავდროულად, საქართველოს ეკლესიის რიგითი სასულიერო პირი, რიგითი მღვდელი საუბრობს ამ თემებზე, ჩემთვის ეს მიუღებელია“, - განაცხადა მცხეთაში სვეტიცხოვლობის წირვის დასრულების შემდეგ მეუფე მელქისედეკმა, რომელმაც „კარტოგრაფების საქმეში“ დაკავებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბოდიში მოუხადა:

„როცა მოვისმინე ამ ორი ადამიანის დამოკიდებულება და თქვეს, რომ ჩვენ ველოდებით, რომ გაიხსნება კარი და ბოდიშს მოგვიხდიანო, მე მართლა ბოდიშს ვუხდი ამ ხალხს, ამ ორ ადამიანს, ასეთი დამოკიდებულების გამო“, - განაცხადა მეუფე მელქისედეკმა.

8 ოქტომბერს „კარტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია [აღსანიშნავია, რომ ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებს, რომელიც 2014 წელს პრემიერ-მინისტრი იყო], რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავით გარეჯთან მიმართებით.

დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG