Accessibility links

აზერბაიჯანის თანახმად, მან სარაკეტო კომპლექსზე დარტყმა განახორციელა სომხეთის ტერიტორიაზე


აფეთქება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. 2020 წ. 12 ოქტომბერი.

აზერბაიჯანმა სარაკეტო კომპლექსებზე დარტყმა განახორციელა სომხეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყების ცნობით, იარაღი გასაშვებად იყო მზად და დამიზნებული იყო განჯაზე, მინგეჩაურსა და აზერბაიჯანის სხვა ქალაქებზე. ბაქომ ერევანს ბრალი დასდო მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ იერიშის მცდელობაში.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე, რომ რაკეტები მშვიდობიან დასახლებულ პუნქტებზე იყო დამიზნებული. ერევნის თქმით, ის იტოვებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე იერიშის განხორციელების უფლებას.

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი მკვეთრად გამწვავდა 27 სექტემბერს. ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ ვითარების ესკალაციაში. ორივე მხარეს არის დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის, სამოქალაქო მოსახლეობაში. 10 ოქტომბერს მხარეებმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საზავო შეთანხმებას, მაგრამ მისი ამოქმედებიდან ცოტა ხანში ერთმანეთს ბალი დასდეს მის დარღვევაში.

დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უარი თქვა მოლაპარაკებებზე, რომელიც უგულებელყოფს მთიანი ყარაბაღის უფლებას თვითგამორკვევაზე.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის მედიასთან საუბარში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი გამოთქვა სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის თაობაზე კონფლიქტი საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელი წლებიდან მოკიდებული გრძელდება. რეგიონმა, რომელიც ძირითადად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული, 1991 წელს გამოაცხადა აზერბაიჯანისგან დამოუკიდებლობა, მაგრამ ის არცერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. ამჟამად მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე რეგიონებს სომხური ძალები აკონტროლებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG