Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირი ნავალნის მოწამვლის გამო სანქციებს უწესებს ექვს პირსა და ერთ ორგანიზაციას


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

დიპლომატების თქმით, ევროპის კავშირი შეთანხმდა, აგვისტოში რუსეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის საბჭოთა ტიპის ქიმიური იარაღით მოწამვლის გამო სანქციები შემოიღოს ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის წინააღმდეგ.

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, დიპლომატები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, აცხადებენ, რომ შეთანხმება 14 ოქტომბერს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღწეული. მანამდე ორი დღით ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სანქციების შემოღებას რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც მიიჩნევა, პასუხისმგებელნი იყვნენ მოწამვლისთვის, რამაც კინაღამ იმსხვერპლა ნავალნის სიცოცხლე. მხარი დაუჭირეს ასევე სანქციების დაწესებას იმ პროგრამაში მონაწილე ორგანიზაციისთვის, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა „ნოვიჩოკის“ სახელით ცნობილი საბრძოლო მომწამლავი ნივთიერებების ჯგუფი.

აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა შესაძლოა რამდენიმე დღეში ამოქმედდეს, იტყობინება dpa. სააგენტო იმოწმებს ევროკავშირის წყაროებს იმის თაობაზე, რომ სანქციების სამიზნეთა შორის არიან რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები.

სააგენტოს თანახმად, ორგანიზაცია, რომელსაც სანქციები დაუწესდა, არის ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც პასუხისმგებელია „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტების შექმნისთვის საბჭოთა პერიოდში, იუწყებიან ევროკავშირს წყაროები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG