Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემი თავისუფლების 9 დღე


ავტორი: ნატალია მერაბიშვილი

იურისტი ვარ და არ ვარ ჟურნალისტი, თუმცა ახლა, სამართლებრივი ანალიზის ნაცვლად ჩემი თავისუფლების იძულებით შეზღუდვის ამბავი მინდა მოგიყვეთ, ამბავი გამოცდილებაზე, რომელიც უსაღვრო პროტესტის გრძნობას მიჩენს და ვფიქრობ ამ პროტესტის გადმოსაცემად მარტო სარჩელის წერა არ კმარა.

პანდემიამ, რომელიც 2020 წლის დასაწყისში დაიწყო, მთელი მსოფლიო შიშში და პანიკაში გაახვია, შემოვიდა თითოეული ჩვენგანის ოჯახში, ცხოვრებაში, სამსახურში, ხელუხლებელი არაფერი დატოვა. ვირუსმა დაუცველი დაგვტოვა როგორც ფიზიკურად, ისე ეკონომიკურად. მრავალი თვე გავიდა და არავინ იცის კიდევ რამდენი ხანი შეგვეშინდება ერთმანეთის ჩახუტება ან თუნდაც ხელის ჩამორთმევა. შიში და სტრესი კიდევ უფრო მეტად ხდება ჩვენი ცხოვრების ნაწილი.

პირველი იმპულსები, რაც ჩემი სახელმწიფოსგან წამოვიდა იყო საზღვრების ჩაკეტვის იმპულსი, ინდივიდის ჩაკეტვის იმპულსი, მისი უფლებების დავიწყების იმპულსი. მქონდა საბჭოთა კავშირის deja-vu მქონდა. Deja-vu იმ ქვეყნისა სადაც, შეიძლება მე დიდი ხანი არ მიცხოვრია, თუმცა მთელი სიმძაფრით შევიგრძენი მისთვის დამახასიათებელი ყოვლისმცოდნისა და ყველაფერზე „მზრუნველის“ ხელი, შეგრძნება იმისა, რომ სახელმწიფო მეტად ზრუნავს შენს ოჯახზე, ვიდრე თავად შენ, შენი ოჯახი უნდა გადაარჩინოს შენგან, გამოგკეტოს სადღაც შორს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მოწოდებით იქნა შემოღებული მთელი რიგი შეზღუდები, მიიღეს საეჭვო კანონები და დადგენილებები, რომლებსაც მალევე მოყვა ეკონომიკური და პოლიტიკური ხასიათის გამონაკლისები.

ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, მაგრამ საქართველომ ამ მიმართულებით ახალ სიმაღლეებს მიაღწია. მან ფაქტიურად ჩაუკეტა საზღვრები საკუთარ მოქალაქეებს საყოველთაო ჯანდაცვის სახელით მაშინ, როდესაც მსგავსი შეზღუდვა არ არსებობდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ტურისტების, ბიზნესისა და კულტურის სფეროს წარმოამდგენლებისთვის.

ყველა, ვინც სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთდა, ვალდებული იყო, გაევლო 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. კარანტინი ქართული გაგებით თვითიზოლაცია არ გეგონოთ. ევროპაში სიტყვა კარანტინი უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ სახლში იზოლაციას მოიაზრებს. საქართველოში ეს ციხეა რბილი ავეჯით და ლამაზი ხედით, სამარტოო საკანი (კარცერი) გასეირნების უფლების გარეშე. არც ის აინტერესებთ სად ცხოვრობ, ქვეყნის მეორე ბოლოში გადაგისვრიან.

გაზაფხულზე მთელი მსოფლიო პანიკით იყო მოცული. ბევრმა მიმართა ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის ასეთ უკიდურეს ფორმას. პანიკაში იყო საქართველოც. მას შემდეგ მთელი მსოფლიო გონს მოეგო, მხოლოდ საქართველო - არა.

2020 გაზაფხულიდან დღემდე კარანტი მრავალმა ათასმა ქართველმა გამოიარა. დღიურად 5500 -ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იძულებით კარანტინშია თუ გაბედეს და გადმოკვეთეს საკუთარი ქვეყნის საზღვარი. მათი ხმა არსად არ ისმის, არც საჯარო დაწესებულების დერეფნებში, არც უფლებადამცველებთან, არც აქციებზე და მედიამაც კი დაივიწყა ისინი არჩევნების ორომტრიალში. რიგ შემთხვევებში ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ ვინაიდან თავად საჯარო მოხელეები არიან.

უკვე 10 დღეზე მეტი გავიდა, რაც მოვიხადე კარანტინი მაგრამ პროტესტის გრძნობა მაინც არ მტოვებს. ამიტომ ზოგადად ჩრდილში ყოფნის მოყვარულ ადამიანს გამიჩნდა ვალდებულების შეგრძნება, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკო, ჩემი პროტესტი ავხსნა და შევეცადო ოდნავ მაინც დავანახო „ოქროს გალიის“ მეხოტბე კონფორმისტებსა და ძალაუფლებას მოწყურებულ საჯარო მოხელეებს, რომ, მათ წარმოდგენაში „დასვენება“ - ჩემთვის ციხეა, ჩემი პირადი თავისუფლების ხელყოფაა, ჩემი შრომის უფლების ხელყოფაა და ჩემი პატივისა და ღირსების შეურაცხყოფაა განხორციელებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელით.

მინდა საკუთარ მაგალითზე გაჩვენოთ, როგორ მიიჩნევს საქართველო თავის ათასობით მოქალაქეს უპასუხისმგებლო, ინფანტილურ, ზარმაც არსებებად, რომელიც საზოგადოებას უნდა განარიდო და სარბიელი დაუთმო კანონმორჩილ უცხოელებს, რომლებიც თან დაისვენებენ, თან იმუშავებენ, თან იმღერებენ, დაუკრავენ და ააყვავებენ საქართველოს.

თავიდანვე მინდა ვთქვა, მე უცხოეთიც და უცხოელებიც მიყვარს, მაგრამ არა საკუთარ ხალხზე და ქვეყანაზე მეტად. ჩემი ცხოვრება საზღვარგარეთ მიმოსვლის გარეშე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ სახლად მხოლოდ ჩემი პატარა ქვეყანა მიმაჩნია, სადაც დაბრუნებისას არავინ უნდა მიქმნიდეს დაბრკოლებას.

არ აქვს მნიშვნელობა საიდან ჩამოვედი ან რამდენი ხნით ან რატომ. მე ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი, როგორც მრავალი ათასი ქართველი. ბევრმა გარისკა ამ რთული გზის გავლა, გაცილებით ბევრი მონატრებული თვალებით იყურება და ელოდება, როდის შეძლებენ, თუნდაც მცირე ხნით სამშობლოში ჩამოსვლას.

სექტემბრის ბოლოს სარფის დაცარიელებული საბაჟო-გამშვები პუნქტის დერეფნები გამოვიარე, გამოვცდი სამედიცინო პერანგიან ბრაზიან ქალბატონს და დიდი ლოდინის შემდეგ პოლიციის ესკორტით მივაღწიე სასტუმროში, ჩავდექი უზარმაზარ რიგში და საათზე მეტი ლოდინის შემდეგ შემიყვანეს ოქროს გალიაში და მომიხურეს კარი. არც ერთ ეტაპზე ელემენტარულად დისტანციის დაცვა ან პირბადის გაკეთება არ უფიქრიათ ჩვენზე „მზრუნველ“ საბაჟოს თანამშრომლებს, პოლიციელებს, მძღოლებს, დაცვას, არავის.

აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციის თაობაზე განცხადება ქვეყნის საზღვრის გადმოკვეთამდე გავაკეთე. მე არ გამიმართლა, არც ხანდაზმული, არც მცირეწლოვანი, არც შშმ პირი და არც ავადმყოფი არ ვარ. მე ახალგაზრდა, ჯანმრთელი და ენერგიით სავსე ადამიანი ვარ, რომელიც ინტელექტუალური შრომით ირჩენს თავს. თვითიზოლაციაც ამ საფუძვლით მოვითხოვე, სახლის პირობებში შევძლებდი შეფერხებით, დისტანციურად, მაგრამ მაინც გამეგრძელებინა ჩემი პროფესიული საქმიანობა. ამ საფუძველს თქვენ მთავრობის ვებ გვერდზე განთავსებულ ელექტრონულ აპლიკაციაში ვერ ნახავთ, მაგრამ აწ უკვე საყოველთაოდ ცნობილი დადგენილება #322 გაკვრით, მაგრამ მაინც მოიაზრებს სოციალურ ფაქტორს თვითიზოლაციაში პირის გადაყვანის საფუძველად. მიუხედავად მთავრობის მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერისა, კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით მაინც გავაკეთე განცხადება და ჯიუტად ვითხოვდი ჯერ კანცელარიაში გატარების ნომერს, მერე განხილვას, მერე პასუხს. ეს ის გზაა, რომელსაც რიგითი ქართველი იშვიათად მიმართავს, დადგენილებებში იშვიათად ვინმე ეძებს პასუხებს, უბრალოდ ცხელ ხაზზე რეკავს და პასუხს ენდობა, ენდობა ორგანოს, რომელიც მათ განცხადებებს არც კი შეისწავლის, არც კი პასუხობს. მარტო ჩემსას არა, ათასობით ადამიანს ტოვებენ უპასუხოდ და მხოლოდ საზღარზე იგებენ, რომ კარანტინში უშვებენ.

იურისტად მუშაობის ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ სამართლებრივი და სამართლიანი რეაგირების იმედი არ უნდა მქონოდა, მაგრამ მაინც მქონდა. პანდემიის რეგულაციების ჩარჩოში თვითიზოლაციას ვითხოვდი, საკუთარ სახლში ყოფნისა და სახლიდან დისტანციური მუშაობის უფლებას. მაგრამ ჩემი საარსებო საშუალება, ჩემი შრომის უფლება თუნდაც დისტანციურად, სახლიდან, არ ყოფილა ის სოციალური ფაქტორი, ის საკმარისი საფუძველი, რომ დაეკმაყოფილებინათ ჩემი განცხადება. რომელი დაკმაყოფილება, წასაკითხადაც და პასუხის გასაცემადაც კი არავინ შეიწუხა თავი.

რატომ ჩათვალა ვინმემ, რომ იძულებით „დასვენება“ მჭირდებოდა ან მინდოდა საერთოდ ამ ეკონომიკური გამოწვევებით სავსე პერიოდში? რატომ ჩათვალა, რადგან ქართველი ვარ, ჩემთვის შრომის უფლება ტვირთი იქნებოდა, რომლის შეზღუდვით თავი ბედნიერად უნდა მეგრძნო? ან მე არ მესმის შრომის უფლების მნიშვნელობა ან ჩემს სახელმწიფოს.

ზემოაღნიშნულის ფონზე 2020 წლის 8 ივლისის დადგენილებით უცხოელ ბიზნესმენებს/პროფესიონალებს მიენიჭათ უფლება PCR ტესტის საფუძველზე შემოსულიყვნენ ქვეყანაში. თითქოს ამაში არაფერი ცუდი არ უნდა იყოს, პირიქით, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში შემოვიტანოთ, რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ უცხოელი ბიზნესმენები და პროფესიონალები ჩამოვიდნენ. ამავე დროს, ძალაში დარჩა ქართველების მიმართ მოთხოვნა სავალდებულო კარანტინზე.

ჩემთვის ეს თარიღია გამყოფი, სადაც დამთავრდა პანდემიის მართვა კანონიერების ფარგლებში და დაიწყო სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოქალაქეებისთვის თავისუფლების უკანონო და დისკრიმინაციული შეზღუდვა.

„ოქროს გალიაში“ გამომწყვდევამდეც და მას შემდეგაც არაერთხელ წამომაძახეს, მათ შორის თავად გადაწყვეტილების მიმღებებმა, რომ ეს თავისუფლების შეზღუდვის ადგილი კი არა კარანტინი იყო; შეურაცხყოფად მიიღეს ჩემი სასტუმროს ოთახის ციხესთან შედარება, უკვირდათ რატომ არ ვაფასებდი სათანადოდ მას, როგორც სახელმწიფო „ზრუნვის“ უმაღლეს გამოვლინებას. განსაკუთრებით რთულია ასეთი მოსაზრების მოსმენა, როდესაც სადღაც გამოკეტილი ხარ და მარტო საჭმელი მოგეწოდება, განსხვავებით თუნდაც კარცერში (სამარტოო საკანში) მყოფი პატიმრებისგან. მათ დღეში ერთი საათის გასეირნების უფლება აქვთ და ეს ერთი საათიც კი თურმე მნიშვნელოვანი ყოფილა.

ჩემს „ოქროს გალიაში“ სიტყვა თავისუფლება სხვანაირად ჟღერს, მის შინაარსს სხვა ტონი ემატება. გონებაში ტივტივს იწყებს სამართლებრივი დეფინიციები კანონებიდან, ჩემი ქვეყნის კონსტიტუციიდან, ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციებიდან, მაგრამ ეს უფრო მეტია ვიდრე ჩანაწერი, ეს შეგრძნებაა, რომლის შეზღუდვა ასე ხელაღებით, უსამართლოდ, დისკრიმინაციულად ემოციურ შოკში მაგდებს და ისეთ რეაქციებს იწვევს ჩემში საკუთარი თავისგან რომ არ მოველოდი.

ზუსტად ვიცი, რომ ჩემი თავისუფლების შეზღუდვა ჩემივე სიკეთეს არ ემსახურებოდა. მე უბრალოდ განმარიდეს საზოგადოებას როგორც კრიმინალი, ყოველგვარი დანაშაულის, სასამართლოს და თავის დაცვის გარეშე. პატრულის ესკორტით მიმიყვანეს სივრცემდე, სადაც ჩამკეტეს და მაწვდიდნენ მხოლოდ საკვებს. არავინ დაინტერესებულა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით, თავისუფლების გამოშვების ბოლო დღემდე კოვიდ ტესტიც კი არ გაუკეთებიათ. მე ისიც კი არ ვიცოდი ჯანმრთელი ვიყავი თუ არა. ყოველ დღე კარანტინში ყოფნისას თავს ვახსენებდი ჯანდაცვის სისტემას, მაგრამ მე ვიყავი მხოლოდ ერთი მრავალ ათას ადამიანს შორის, რომლის ზარი უადგილოდ ეკვეხებოდა და აწუხებდა ცხელის ხაზის თანამშროლებსაც კი. მაშინ, როდესაც ევროპა მსჯელობს იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელსაც განიცდის საკუთარ სახლებში გამოკეტილი მოსახლეობა, ჩემი სახელმწიფო ჩემი თავისუფლების შეზღუდვის საკითხს ანდობს იმ ჩინოვნიკებს საკუთარ სახლში თვითიზოლაცია და საკარცერე პირობები რომ ვერ განუსხვავებიათ ერთმანეთისგან.

ქართველებს თავისუფლების ფასი არ გვესწავლება. ასე გვაქვს ყოველ შემთხვევაში დეკლარირებული. ალბათ აქ კოლექტიურად ქართველები იგულისხმება? ვიცით თითოეული ქართველის თავისუფლების ფასი? რა ღირს ერთი საათით ადამიანი გამოკეტო ოქროს გალიაში, ერთი დღე? რამდენი ქართველის რამდენი თავისუფლების დღეა საპირწონე კონცერტების, ფესტივალების, პარტიულ შეკრებების და სხვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართავად.

პანდემიის დაწყებიდან მალევე, საერთაშორისო და ევროპულმა ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციებმა, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, კრიზისულ სიტუაციებში ადამიანის უფლებათა დაცვის საჭიროებაზე გააკეთეს განცხადება. მათ სახელმწიფოებს შეახსენეს, რომ ადამიანის უფლებათა ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ოთხ კრიტერიუმს: კანონიერება, საჭიროება, პროპორციულობა და არადისკრიმინაციულობა. არ ვიცი ეს გაიგო თუ არა მთავრობამ, ალბათ კი, მოუსმინა, მაგრამ სათავისოდ. გაზაფულზევე საქართველომ ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაზე და დამატებით ოქმებზე გააკეთა დათქმები, რომლითაც თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების, გამოხატვის თავისუფლების, საკუთრების უფლების, განათლების უფლების და მიმოსვლის თავისუფლების დაცვის ვალდებულების დეროგაცია მოითხოვა.

დათქმებს აქვთ თავისი გამართლება, ისინი საჭირო ინსტრუმენტია სახელმწიფოსთვის კრიზისულ სიტუაციაში, მაგრამ მათი გამოყენება სამართლიანად უნდა მოხდეს. მთავრობას დაავიწყდა, რომ ასეთი დათქმები უნდა იყოს - კანონიერი, საჭირო, პროპორციული და არადისკრიმინაციული.

შეზღუდვა, რომელსაც პანდემიის საბაბით იღებ, დისკრიმინაციულია, როდესაც ერთად ნამგზავრი უცხოელისა და ქართველიდან, მხოლოდ უცხოელს სთხოვ PCR ტესტს და უშვებ თავისუფლად და ქართველს გამოკეტავ ოქროს გალიაში. ეს არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი. აქაც ჩემი სახელმწიფო ახალ სიმაღლეებს აღწევს. ქართველი ბიზნესმენები და საქმიანი ადამიანები არიან საკუთარ ქვეყანაში დისკრიმინირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელით მაშინ, როდესაც უცხოელები საქმიანი ვიზიტით მხოლოდ PCR ტესტის საფუძველზე შეიძლება შემოვიდეს ქვეყანაში და მივიდეს შეხვედრაზე, შეკრებაზე ან თუნდაც რესტორანში. ეს დამოკიდებულება ზეგავლენას ახდენს უშუალოდ როგორც ჩვენს ბიზნეს გარემოზე, ასევე უცხოელების დამოკიდებულებაზე ჩვენს ბიზნესმენებთან მიმართებაში. არავინ არ დაობს უცხოური ინვესტიციების საჭიროებაზე. მაგრამ იმედია, მთავრობას სურს უცხოურ ინვესტიციებთან ერთად, საკუთარი ბიზნესმენი იყოს წელში გამართული. იმედია ჩემს სახელმწიფოს სურს საკუთარ ბიზნეს საკუთარი სახელმწიფოს იმედი ჰქონდეს.

შეზღუდვა, რომელსაც პანდემიის საბაბით იღებ, დისკრიმინაციულია, როდესაც ერთი და იგივე ქვეყნიდან მომავალი ამავე ქვეყნის ბინადრობის უფლების მქონე მოქალაქეებიდან, ერთს კარანტინში უშვებ, მეორეს - სახლში მარტო იმიტომ, რომ ბინადრობის მოწმობა ერთს 5 წლიანი აქვს და მეორეს - 10 წლიანი.

მე და ათასობით კარანტინგამოვლილ ადამიანებს გვიჭირს ვირუსის გავრცელების დინამიკა დავუკავშიროთ ეროვნებას, სოციალურ სტატუსს, თანამდებობას ან თუნდაც ბიზნესის მოცულობას ან წარმომავლობას და აქვე, ალბათ აღსანიშნავია, რომ ყველას საკუთარი საქმე და ბიზნესი, თუნდაც მცირე, ეძვირფასება.

რთულია გჯეროდეს ათასობით ადამიანის გამოკეტვის საჭიროების, როდესაც ამავდროულად უცხოელი შემსრულებლებით გადაჭედილ სივრცეში არათუ დამსწრეებს, უმაღლესი თანამდებობის პირებსაც კი არ უკეთიათ პირბადე. მე და ჩემთან ერთად ათასობით გაკარცერებული. ამ ყველაფერს ჩემი ოქროს გალიიდან ვაკვირდებოდი.

მივესალმები ყველანაირ კულტურულ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს სახელს ქვეყნის მიღმა გაიტანს, ეს ჩვენ გვჭირდება, მაგრამ არა მაშინ, როდესაც ათასობით ქართველი გამოკეტილია იმისთვის, რომ ასეთი კონცერტები გაიმართოს.

ჩემი პროტესტი და ათასობით ჩემნაირად გაკარცერებულის უფრო მძაფრდება, როდესაც თავისუფლების ჰაერს ჩაისუნთქავ, გამოხვალ და გამწვავებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პირობებში დაინახავ, რომ თავად პატრულს და საჯარო მოხელეებსაც კი არ უკეთიათ პირბადე, არ იცავენ დისტანციას. კოვიდ რეგულაციების დაცვა ფორმალობაა, რომელიც სხვის დასანახად კეთდება.

ხშირად გვესმის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები. თითქმის ყველა გადაწყვეტილება მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. თუმცა რატომღაც მთელი ევროპა თვლის, რომ თვითიზოლაცია საკმარისი, ადეკვატური ღონისძიებაა სამშობლოში დაბრუნებული ადამიანებისგან მომავალი შესძლო რისკებისგან საზოგადოების დასაცავად და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ ისეთ რისკს, რომ გაკარცერებაა საჭირო.

ჩემს გვერდით ოთახში ქალს მოვკარი თვალი, აზერბაიჯანულად ლაპარაკობდა, ასაკოვანი ბებო უფრო იყო, სოფლებში ეზოში რომ ჩუჩუნებენ, დასტრიალებენ თავის ეზო-კარს. საჭირო იყო მისი გამოკეტვა? შეიძლებოდა მისთვის ადამიანურ, მის ენაზე ახსნა ვირუსის შესახებ და ისევ თავის კარ-მიდამოში დაბრუნება?

კიდევ ერთ ოთახში ცოლ-ქმარი და მცირეწლოვანი ბავშვი იყვნენ. ნეტავ კიდევ ვისთვის შეიძლებოდა გადაედოთ ვირუსი, თუ ასეთი ჰქონდათ, რატომ არ შეიძლებოდა საკუთარ სახლში თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ?

საჭიროებას და პროპორციულობას, ადეკვატურობას მოვიხსენიებ, ყველა ეს შეფარდებითი კატეგორიები ფართო დისკრეციას აძლევს ნებისმიერს და ერთადერთი დარაჯი ყავს მის ბოროტად გამოყენებას - სამართლიანობა.

სამართლიანობა ზოგისთვის გაცვეთილი სიტყვაა, ზოგისთვისაც ზოგადი და მაინც პრინციპის დონეზე აბსტრაგირებული, მაგრამ ჩემთვის ის ყოველთვის გრძნობის დონეზე აღიქმება. სამართლიანობა გრძნობით დონეზე შინაგანი რწმენის სახით ითარგმნება სამართლებრივ სივრცეში და იგი ყოველთვის, როდესაც ადამიანს ეხებიან, უნდა გააჩნდეს მოსამრთლესაც და რიგით საჯარო მოხელესაც. სამწუხაროდ მთელს ამ პროცესში სამართლიანობა კი არა, ადამიანობა იშვიათად ვინმეს ახსენდება.

დაუშვა, რომ უცხოელი, PCR ტესტის საფუძველზე შემოვიდეს ქვეყანაში და პირდაპირ სამუშაო პროცესში ჩაერთოს მაშინ, როდესაც საკუთარ მოქალაქეს შრომის უფლება არ მისცე საკუთარ სახლში (თვითიზოლაციაში) უსამართლოა, ამას სჭირდება მტკიცება? ჩემი თავისუფლება და ჩემი შრომის უფლება, ჩემი თავისუფალი გადაადგილების უფლება - ჩემი ინდივიდუალური უფლებებია და ის ვიღაცის ხუშტურებზე და დისრკიმინაციულად, შერჩევითად რომ არ უნდა იზღუდებოდეს ამას სჭირდება მტკიცება? ალბათ მომიწევს.

სისხლის სამართლის დანაშაულში ეჭვმიტანილის თავისუფლებაც კი არ შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ჩემმა სახელმწიფომ გადაწყვიტა თავისუფლება შეეზღუდა ჩემთვის და ათასობით საკუთარი მოქალაქისთვის, ვიდრე რაიმეს დაარღვევდნენ.

ჩემთვის პატივისა და ღირსების შემლახველია, როდესაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე ვინმემ შეიძლება ჩათვალოს, რომ თუნდაც გაუფრთხილებლობით, მე ჩემს ოჯახის წევრებს ან თუნდაც გარშემომყოფებს საფრთხის ქვეშ ჩავაყენებ. სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თუნდაც გაუფრთხილებლობით საფრთხის ქვეშ ჩაყენება დანაშაულია. იმის დაშვებაც კი, რომ მე ასეთ დანაშაულს ჩავიდენ, თუნდაც გაუფრთხილებლობით, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე - ცილისწამებაა სახელმწიფოებრივ დონეზე.

დღესდღეობით ჩემი სახელმწიფოს წარმოდგენით კარანტინი დასვენებაა, რომ შრომა, თუნდაც დისტანციურად, სახლიდან, უფლება არაა, რომლის დაცვა ღირს. ჩემს სახელმწიფოს მიაჩნია, რომ ფესტივალების გამართვისათვის ქართველები უნდა მოაქციო კარანტინში, უცხოელი ტურისტების ჩამოსვლისათვის დედები და მამები უნდა გამოკეტო სახლებში, ემიგრანტები არ უნდა შემოუშვა, რომ ისევ გააგრძელონ უცხოური ვალუტით გზავნილები.

ჩვენი ქვეყანა თვლის, რომ საკუთარი მოქალაქეები არ არიან ნდობის ღირსნი, რაც არ უნდა კარგად აუხსნა, ქართველი მაინც დაარღვევს რეგულაციებს. უცხოელი ბიზნესმენი გაუფრთხილდება ქართველ საქმიან პარტნიორს, მაგრამ ქართველი საკუთარ ოჯახის წევრსაც კი არა. მე ასე მაგრძნობინეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ისევ ჩემი და ჩემნაირების გადასახადებით დაფინანსებულმა საჯარო მოხელეებმა.

უნდობლობით არის გაჟღენთილი ყველა გადაწყვეტილებები მაშინ, როცა ნდობაა ყველაზე მეტად საჭირო. ნდობა ძალიან სათუთია და მას ყველა მხრივ მოფრთხილება სჭირდება, მათ შორის, კრიზისულ სიტუაციებში. სამწუხაროდ დღესდღეობით ორმხრივი უნდობლობის მასშტაბი პიკს აღწევს.

რთულია ნდობა შეინარჩუნო სისტემის მიმართ, რომელიც კანონს უსამართლობის ინსტრუმენტად აქცევს სისტემაში ჩართულ თითოეულ ადამიანს ოპერატორიდან დაწყებული გადაწყვეტილებების მიმღებებამდე. ყველა ცდილობს აბსტრაგირდეს პროცესებიდან, სახელი არ გითხრას, პასუხისმგებლობა არ აიღოს, კანონს გვერდი აუაროს ან ფორმალურად დაიცვას მხოლოდ, ადამიანობა არ გამოიჩინოს, განყენებულად სისტემას დააბრალოს, საკუთარი ადამიანობა დაივიწყოს და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გინდა გჯეროდეს, რომ მათ შეიძლება ენდო.

რთულია ნდობა შეინარჩუნო პოლიტიკურ ორომტრიალში მოფარფატე ეპიდემიოლოგებისაც, რომელთა პროფესიონალიზმს კი ენდობი, მადლობელი ხარ სისტემას რომ გადაურჩა გამოცდილი კადრი, მაგრამ კითხვები გიჩნდება, ნდობის ფაქიზი ძაფი ვერ უძლებს პოლიტიკურ ორომტრიალში მოფარფატე ეპიდემიოლოგების ვიზიტებს პოლიტიკურ შეკრებებსა და აქტივობებში. კრიტიკას ვერ უძლებს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების არათანმიმდევრული და შეუთანხმებელი პოზიციები საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, ან თუნდაც ისეთ საკითხებზე, რომლებიც მათ კომპეტენციაში საერთოდაც არ შედის.

დღეს დღეობით მაგალითის მიმცემები ამ ქვეყანაში ყველაზე მეტად ითხოვენ გამონაკლისებს, არღვევენ ელემენტარულ მოთხოვნას გაიკეთონ პირბადე და შემდეგ თავდაჯერებით გვარწმუნებენ ციხეებად გადაქცეული სასტუმროების საჭიროებაში.

მოქალაქის მიმართ ნდობის საზომი კონსტიტუციაშია გაწერილი - სანამ არ დაგიმტკიცდება მკაცრად გაწერილი სასამართლო პროცედურებით, რომ საზოგადოებრივ საშიშროებას წარმოადგენ, ნდობას იმსახურებ.

სახელმწიფოს მიმართ ნდობის საზომი, მათ შორის კრიზისების დროს, მისი კანონისა და წესრიგის ერთგულებაა და არა პოლიტიკური დღის წესრიგის.

არ ვიცი საიდან მოდის ილუზია, რომ კანონმორჩილი ადამიანები უცხო ქვეყნებში ცხოვრობენ და საქართველოში - არა. მართლმსაჯულების სისტემები მთელს მსოფლიოში არსებობს, ყელგან ირღვევა კანონი, ეს არც ახალი მოვლენაა სამწუხაროდ და არც დროებითი. ყველა ქვეყანაში დგას პანდემიისთვის შემოღებული შეზღუდვების დამრღვევების პრობლემა და ისინი ამ საკითხს უმკლავდებიან ადეკვატური პრევენციის ღონისძიებებითა და სანქციებით, მაგრამ სჯიან მათ, ვინც არღვევს.

მე არ მეგულება საქართველოს მოქალაქე, რომელიც აცნობიერებს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ გამოწვევებს და სურს, დაისვენოს. მე არ მეგულება ადამიანები ჩემს ქვეყანაში, რომლებიც საკუთარ ოჯახის წევრებს საფრთხეს შეუქმნიან, თუ გააცნობიერებენ საფრთხეს. გამონაკლისები არიან და გამონაკლისებს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ დიდი უმრავლესობა ქართველებისა შეგნებულია, მრავალი სირთულე გადაულახავს და შეძლებდა გამკლავებოდა შეზღუდვებს. გაზაფხულზე მოსახლეობის მობილიზება სამაგალითო იყო, თუმცა ამას მოყვა არათანმიმდევრული, არადამაჯერებელი და პოლიტიზირებული გადაწყვეტილებები, რამაც ეს მობილიზება წყალში ჩაგვიყარა თითოეულ ჩვენთაგანს და უნდობლობა გაამწვავა. რა გააკეთა სახელმწიფომ, რომ საფრთხის გაცნობიერებაში დახმარებოდა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, არ ვგულისხმობ პანიკის და შიშის დათესვას, რეალურად ვირუსთან თანაცხოვრება როგორ ასწავლა?! გონებაში ყველას ამოგიტივტივდებათ ფრაგმენტები როგორ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხელისუფლების წარმომადგენლები დემონსტრაციულად ითხოვდნენ გამონაკლისებს, თავად არღვევდნენ და დარღვევის პატიებას ითხოვდნენ.

მე მკაცრი სანქციების მომხრე ვარ, მაგრამ მათ მიმართ, ვინც დაარღვევს. სამართალდამრღვევებთან გამკლავების ან თუნდაც პრევენციის აპრობირებული ღონისძიებების იმპემენტაციის ნაცვლად საარჩევნო პერიოდში ალბათ უფრო მომგებიანია პანდემიის მართვის ილუზია შექმნა, ათასობით ადამიანი გამოკეტო და ხალხი დააჯერო, რომ ვირუსი საზღვარზე გააჩერე, არ შემოვა; ამასთან არ შეიმჩნიო ყოველი ფეხის ნაბიჯზე საფეხბურთო სანახაობის კოლექტიური მაყურებლები, ქუჩებში პირბადის გარეშე მოსიარულეთა მთელი ტალღა, ფესტივალები, კონცერტები, რესტორნების ხრიკები ხალხმრავალი შეკრებები რეგულაციებს როგორ მოარგონ. ყოველ დღე ჩემი ოქროს გალიიდან ბათუმში პანდემიის ეპიცენტრში ვუყურებდი ტაქსისტების საკმაოდ დიდ ჯგუფს პოტენციურ კლიენტებს ელოდებოდნენ ხორხოცით, ხან ჩხუბობდნენ, ხან ერთმანეთს ეხვეოდნენ. არათუ გამვლელებს, პოლიციელებსაც კი არ უჩნდებოდათ კითხვა, რატომ არავის ეკეთა პირბადე, რატომ არ იცავდნენ დისტანციას.

მრავალი თვე გაზაფხულიდან მოყოლებული ჩემმა სახელმწიფომ დრო კრიზისის მართვის ილუზიის შექმნაზე დაკარგა ნაცვლად იმისა, რომ ჯანდაცვის სექტორი მოემზადებინა რეალურად ინფიცირებულების სამკურნალოდ, დრო და ფული იხარჯება ვირუსის საზღვრებზე გასაჩერებლად და ხალხის გასაკარანტინებლად მაშინ, როდესაც უკვე მათივე გადაწყვეტილებების მიხედვით თავად კოვიდ-ინფიცირებულები სახლში მკურნალობენ.

ჩემი თავისუფლების 9 დღე და მრავალი ათასი ქართველის 9 თუ 14 დღე მნიშვნელოვანია. გავმეორდები, მე უცხოეთი და უცხოელები ძალიან მიყვარს, მაგრამ არა საკუთარ ხალხზე მეტად, არა საკუთარ ქვეყანაზე მეტად. მე უცხოელთან, ევროპელთან თანასწორად ვგრძნობ თავს, არა მარტო უფლებრივად, პასუხისმგებლობის კუთიხთაც, კანონმორჩილებითაც.

კანონის ფარგლებში ცხოვრება ადვილი არ არის, ის თავისი შინაარსით შეზღუდვაა ცხოვრებისეული, დიდ პასუხისმგებლობის გრძნობას მოითხოვს, შეგნებას და სისტემისადმი ნდობას, საზოგადოების პატივისცემას. თუ იმ ადამიანებსაც კი არ გამოვარჩევთ, ვინც ამ პასუხისმგებლობით ცხოვრობენ და ყველას განურჩევლად ასეთი მძიმე სასჯელისთვის გავიმეტებთ, როგორც სახელმწიფოს, როგორც საზოგადოებას, რისი იმედი გვაქვს, ევროპული სახელმწიფოდ გახდომის? გეტყვით დემოკრატიული სახელმწიფოები როგორ ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე: გუშინ ჩემი მეგობარი ეთნიკურად ქართველი, მაგრამ გერმანიის მოქალაქე უკვე მწვანე ქვეყნის სტატუს ჩამორთმეული საქართველოდან გერმანიაში დაბრუნდა. მას ჩაფრენისას ტესტი გაუკეთეს და სახლში გაუშვეს, მას ენდნენ. ჩემს სახელმწიფოში მე ტესტი მერვე დღეს ძვლივს გამიკეთეს და პასუხი რომ ნეგატიური იყო იმით მივხვდი, რომ თავისუფლებაზე გამიშვეს, თავს ნამდვილ პატიმრად ვგრძნობდი, რომელსაც როგორც იქნა თავისუფლება ეღირსა.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG