Accessibility links

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება


დღეს დილით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სომხურმა ძალებმა ისევ დაიწყეს ტერტერის, აგდამის და აგჯაბედინის რაიონების დაცხრილვა. თავის მხრივ, მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის არმია“ აცხადებს, რომ აზერბაიჯანი საარტილერიო შეტევებს აგრძელებს ჩრდილოეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებებით.

14 ოქტომბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ბოლო 18 დღის განმავლობაში არცახის(მთიანი ყარაბაღი) თავდაცვის არმიამ ჩრდილოეთის და სამხრეთის მიმართულებებით ოდნავ უკან დაიხია, თუმცა, საერთო სიტუაციაზე კონტროლს ინარჩუნებს. იმავე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ ქვეყნის არმიამ სამხრეთის მიმართულებით დაიკავა კიდევ 8 სოფელი.

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნებით ცეცხლის შეწყვეტაზე გასულ კვირაში, მოსკოვში შეთანხმდნენ. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების, ზოჰრაბ მნაცაკანიანის და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობდა.

მოსკოვში მიღწეული შეთანხმებით, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რათა მხარეებმა სამხედრო ტყვეები და დაღუპულთა ცხედრები გაცვალონ. საზავო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს მუდმივად ადანაშაულებენ შეთანხმების დარღვევაში.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის „თავდაცვის არმიის“ ინფორმაციით, 27 სექტემბრის შემდეგ დაღუპულია 555 სამხედრო და 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. აზერბაიჯანი თავის სამხედრო დანაკარგებზე არაფერს იუწყება. ბაქოს მონაცემებით, აზერბაიჯანის ქალაქებზე სომხური ძალების თავდასხმებს უკვე ემსხვერპლა 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG