"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" აცხადებს, რომ მათი პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობამ არაფერი იღონა იმისთვის, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა და გარემო დაეცვა იმ მტრისგან, რომელიც შეჩერებული სამუშაოების შემდეგ წარმოიქმნება. კომპანია განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც მთავრობამ მათთან ხელშეკრულება გაწყვიტა, სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.
"კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რა საკვირველია მთლიანად გაიღებდა კომპანია... უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რადიო თავისუფლება ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან ელოდება პასუხს.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.