Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Human Rights Watch-ი სირია-რუსეთის იერიშებს სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებს უტოლებს


რუსეთის ავიაციის იერიში. პროვინცია იდლიბის სოფელი ალ-ბარა, 2020 წ. 5 მარტი.
რუსეთის ავიაციის იერიში. პროვინცია იდლიბის სოფელი ალ-ბარა, 2020 წ. 5 მარტი.

Human Rights Watch-მა (HRW) განაცხადა, რომ სირიის მთავრობამ და მისმა მოკავშირემ, რუსეთმა, გამოავლინეს „უგულო ინდიფერენტიზმი“ მილიონობით ადამიანის სიცოცხლის მიმართ თავიანთი სამხედრო იერიშისას, ამბოხებულთა ხელთ მყოფი უკანასკნელი ანკლავის ასაღებად მიმდინარე ბრძოლებში ჩრდილო-დასავლეთ სირიაში.

15 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია, რომელსაც ნიუ-იორკში უდევს ბინა, წერს, რომ პროვინცია იდლიბში სამოქალაქო რაიონების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი საჰაერო და სახმელეთო იერიშები შეიძლება გაუთანაბრდეს სამხედრო დანაშაულს და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს.

„სირიულ-რუსული ალიანსის მიერ არაერთგზის განხორციელებული თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურებსა და დასახლებულ რაიონებზე, რომლებშიც არ იყო აშკარა სამხედრო სამიზნეები, იმაზე მიუთითებს, რომ ეს უკანონო თავდასხმები წინასწარ იყო გამიზნული,“ ნათქვამია HRW-ის ანგარიშში, რომლის სახელწოდებაა „სიცოცხლის მიზანში ამოღება იდლიბში: სირიისა და რუსეთის იერიშები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.“

ანგარიშის თანახმად, 2019 წლის აპრილის შემდეგ 11 თვის განმავლობაში განხორციელებული ათობით საჰაერო და სახმელეთო დარტყმის შედეგად დაიღუპა ასეულობით სამოქალაქო პირი.

იერიშები შესაძლოა მიზნად ისახავდა იმას, რომ „ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოესპო საარსებო საშუალებები, ეიძულებინა სამოქალაქო მოსახლეობა, გაქცეულიყო და სირიის სახმელეთო ჯარებისთვის გაეადვილებინა ტერიტორიის აღება, ან უბრალოდ სამოქალაქო მოსახლეობაში დაეთესა შიში, როგორც გამარჯვების მიღწევის საშუალება,“ ნათქვამია ანგარიშში.

სირიაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ 2015 წელს გარდატეხა შეიტანა ომში და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებს საშუალება მისცა კვლავ საკუთარი კონტროლისთვის დაექვემდებარებინა ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.

სირიის მთავრობამ პირობა დადო, რომ დაიბრუნებს იდლიბის პროვინციას, რომელსაც ძირითადად აკონტროლებს „ჰაიათ ტაჰრირ ალ-შამი“ – „ალ-ყაიდის“ ყოფილი მოკავშირე სირიაში. ჯგუფი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა აშშ-ს, გაეროსა და რუსეთის მიერ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG