Accessibility links

logo-print logo-print

ბიბილოვის თქმით, რუსეთთან "საზღვრის" დემარკაცია „ფაქტობრივად დასრულებულია“


ოკუპირებული სამხერთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, რუსეთთან "საზღვრის" დემარკაცია „ფაქტობრივად დასრულდა". როგორც ბიბლოვის პრესსამსახური იუწყება, მან მონაწილეობა მიიღო „სამხეთ ოსეთ - რუსეთის ერთობლივი სადემარკაციო კომისიის სხდომაში“.

„მე მადლიერება მინდა გამოვხატო, იმ ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ჩვენ, ფაქტობრივად დასასრულისკენ მივდივართ. ჩვენ ვერ ვხედავთ სამხრეთ ოსეთს რუსეთის მიღმა და ვერ ვხედავთ ოსეთს დაყოფილს ჩრდილოეთად და სამხრეთად. ოსეთი ნებისმიერ შემთხვევაში, მუდამ ერთიანი იქნება“,- განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.

რუსეთის მხრიდან კომისიის სხდომაში ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, როსრეესტრის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის და საკადასტრო სამუშაოებისა და მიწათსარგებლობის სამმართველოს წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კომისიაში რუსეთის წარმომადგენელმა ვადიმ პოსტნოვმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა ყოველთვის ურთიერთგაგების რეჟიმში მიმდინარეობს.

„ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს, რომელიც ჩადებული იყო სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაში, რომელშიც ორივე მხარისთვის სპეციალური დავალებებია. ჩვენი აქ ყოფნა, ყოველთვის მეგობრული განწყობით აღინიშნება და ჩვენი ყველა შეხვედრა დიდი კმაყოფილებით სრულდება“,- აღნიშნა მან.

1990 წლის 20 სექტემბერს, მაშინდელი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დეპუტატთა საბჭომ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის“ შექმნა გამოაცხადა. რამდენიმე თვეში საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საერთოდ გააუქმა.

1992 წლის 29 მაისს, „სამხრეთ ოსეთმა“ გამოაცხადა ე.წ. დამოუკიდებლობა, რომელიც რუსეთმა აღიარა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში განხორციელებული სამხედრო აგრესიის შემდეგ. „სამხრეთ ოსეთი“ დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნეს ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ნაურუმ, ვანუატუმ, ტუვალუმ და სირიამ. მოგვიანებით, ტუვალუმ და ვანუატუმ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმეს.

საქართველოს კონსტიტუციაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა მოხსენიებულია როგორც „სამხეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოქლი“, დოკუმენტების ნაწილში როგორც „ცხინვალის რეგიონი“, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის თანახმად, სამხეთი ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულადაა აღიარებული. გაეროს საერთაშორისო დოკუმენტების თანახმად სამხრეთი ოსეთი საქართველოს ტერიტორია. დასავლეთის ქვეყნებმა და ნატომ რუსეთს არაერთგზის მოუწოდეს, უარი თქვას ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარებაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG