Accessibility links

ორი არასწორი “აქსიომის” შესახებ ქართულ პოლიტიკაში


ავტორი: ჟირონ ხუჯაძე

ტერმინი აქსიომა თავისთავად ცხად დებულებას ნიშნავს, რომელსაც მტკიცება არ სჭირდება; იგი ჭეშმარიტია, პირველადი, საწყისი მოცემულობაა შემდგომში მისგან მომდინარე იდეების ვერიფიკაციისა თუ ფალსიფიკაციისთვის.

ქართულ პოლიტიკაში ორი ასეთი “აქსიომა” გვხვდება; პირველია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ჩვენ ვართ “ტოტალურად გაუნათლებლები”, რომ “ჩვენს შვილებს წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთ” და “თუ გავაჯანსაღებთ განათლების სისტემას ყველაფერი მოგვარდება”. მიუხედავად ამ აზრის “სიმარტივისა” იგი მაინც დიფერენცირდება ორ “ქვე-კატეგორიად” – პირველი აქცენტირებს ფინანსურ მოგებაზე - ამის მაგალითად ხშირად ასახელებენ ესტონეთს, რომელსაც უწოდებენ “ვებ-ქვეყანას”, მხოლოდ ინტელექტუალური მიღწევებით, ინტერნეტ-პროდუქციით გამდიდრებულ სახელმწიფოს და სასაუბრო სივრცის გარეთ ტოვებენ მარტ ლაარის მიერ დაწყებულ ეკონომიკურ რეფორმებს, ფიქალის გაზისა და ნავთობის არსებობის ფაქტს, ფინეთიდან შემოსული ვიზიტორებისა და პირდაპირი ინვესტიციების მოცულობას და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენში პოლიტიკოსებს გონიათ, რომ თუ კარგ ინფორმატიკის გაკვეთილებს ჩავატარებთ სკოლაში და უნივერსიტეტშიც მაღალი დონის “კომპიუტერული მეცნიერებების” ფაკულტეტს დავახვედრებთ სტუდენტებს, რამდენიმე წელსა თუ ათწლეულში ახალგაზრდების მიერ შექმნილი პროდუქტი, რომელიც დაიპყრობს გლობალურ ბაზარს, გახდება ჩვენი გამდიდრების პირველწყარო, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ეკონომიკური სისტემა გვექნება, იქნება იგი ნეოლიბერალური თუ “მზრუნველი”, “კეთილდღეობის საზოგადოების” სახელმწიფოებრივი მოდელი.

რაც შეეხება მეორე “ქვე-აზრს” იგი უფრო მეტად რიტორიკული ხასიათისაა და განათლებაზე, როგორც ცნობიერების, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის, სოლიდარობის გრძნობისა და თვითშეცნობის პრიმატზე, ამახვილებს ყურადღებას. ანუ, კარგი მოქალაქეები ვიქნებით მაშინ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გავითავისებთ სკოლაში სასწავლ “სამოქალაქო განათლების” საგანს, რომელშიც ეწერება, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დავყაროთ და პატივი ვცეთ პლურალისტურ საზოგადოებას. როგორც „განათლებული“ ადამიანები განმარტავენ, განათლებული ადამიანი “სახელმწიფოებრივად” აზროვნებს და ეს უკანასკნელია იმის წინაპირობა, რომ სიტყვები “აწმყო თუ არა გწყალობს” წაიშალოს ჩვენი დღევანდელი ყოფიდან იმით, რომ “აწმყო გახდეს ჩვენი”..

პოლიტიკოსების ამგვარი აზროვნება და მისი ვერბალურად გამოთქმა, სხვა თუ არაფერი, მარკეტინგულადაც არ უნდა იყოს სწორი. ვთქვათ, გსურს, ხმა მოგცეს ერთმა მილიონმა ადამიანმა და შენს რიტორიკულ გამოსვლებში აცხადებ, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი “გაუნათლებელია” – ესე იგი, გსურს, “გაუნათლებელმა” ხალხმა მოგცეს ხმა, რაც, უფრო სწორი იქნება, არ გსურდეს, რადგან ისინი ხომ “რეალობას” სათანადოდ ვერ აცნობიერებენ და მუდამ “ცდებიან” – შესაბამისად, მათი საარჩევნო უბნებზე მიღებული გადაწყვეტილებაც მცდარი იქნება. თუმცა, „გაუნათლებლობის“ ნეგატიურ მიმართებას ყოველთვის მოსდევს ხალხის დახასიათება, როგორც „მშრომელისა ან(და) ალალის“, რაც გამოითქმის სიტყვებით „ქართველი კაცი მართალია“ – „მართლობა“ უკავშირდება გულს, ხოლო გაუნათლებლობა - გონებას; შესაძლებელია, პოლიტიკოსები ჩვენში დიალექტიკური აზროვნებით გამოირჩევიან და ჰეგელისეულად ნეგატივიდან (ამ შემთხვევაში გაუნათლებლობის) სურთ „მართლობის“ მუხტით მიაღწიონ სინთეზამდე, სადაც ბოლოს სიბნელე გახდება სინათლე და ყველა ვიტყვით (და ვიმოქმედებთ) : დაე იქმნას ნათელი!

სინამდვილეში, ჩვენ არ ვართ “ტოტალურად გაუნათლებლები” და პრობლემის სათავე სისტემურ მოწყობაში უნდა ვეძებოთ, რომელიც საზრდოობს ფორმულით “სიმდიდრე – ერთეულებს” ან “შრომის ანაზღაურება – არაპროპორციულად”. არსებობენ ქართველები, რომლებიც მუშაობენ გუგლსა თუ ფეისბუკში და მათ ეს გადაწყვეტილება “უცხოეთის” ეფემერული სიყვარულით არ მიუღიათ. ილიას სიტყვები “როგორ შევეყრები მე ჩემს ქვეყანას და როგორ შემეყრება იგი მე” რომ შევცვალოთ და დღევანდელ დიფერენცირებულ სოციალურ სისტემათა, პირველ რიგში, ეკონომიკის ენაზე ვთარგმნოთ – როგორ “შეეყარა” ქართველი დამსაქმებელი ამ ადამიანებს, რა შესთავაზა მათ? რეციპროკული მიმართება დამსაქმებელს/დასაქმებულს შორის, მართალია, არ ანაცვლებს სიყვარულს სამშობლოსას, მაგრამ იგი ზოგჯერ ფიზიკურად გაშორებს იმ ადგილს “სადაც შობილხარ, გაზრდილხარ”.

მეორე “აქსიომა” მოსაზრებაა იმის შესახებ, რომ “მსუქანი” პოლიტიკოსი ცუდი პოლიტიკოსია, რომ სხეულის მოცულობა განსაზღვრავს “კარგი ცხოვრების” ხარისხს. შესაბამისად, ეს “კარგი ცხოვრება” ამ “გაჭირვებულ ქვეყანაში” “თავმოყვარე” პოლიტიკოსს არ უნდა ჰქონდეს. რეალურად კი ჭარბი წონა პირდაპირ კავშირში არ არის “სწორ ან კარგ კვებასთან”. პირიქით, იგი უფრო მეტად ჯანსაღი საკვებისა და სწორი ფიზიკური დატვირთვის არარსებობის შედეგია. ჯანსაღი საკვები, ისევე როგორც ფიტნეს-დარბაზითა თუ გამაჯანსაღებელი პროცედურებით სარგებლობა, უფრო მეტად “მდიდრების” შესაძლებლობაა, ვიდრე “ღარიბების”. ამას მოყვება მითი იმის შესახებ, რომ თუ პოლიტიკოსები საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებენ, ადამიანების ყოფა რამენაირად გაუმჯობესდება. X პოლიტიკოსის დანახვა მეტროში ჩააგონებს რა მოქალაქეს საზოგადოებრივი კოოპერაციის საჭიროებას, იგი იქნება დასაბამი “ერთიანობისა” და “კეთილდღეობისა”.

შებასამისი აზრების არტიკულირებას ორი ფაქტორი განაპირობებს; პირველი არის კომპეტენციის ნაკლებობა ისეთ თემებზე, როგორებიცაა ეკონომიკა, სამართალი, მეცნიერება, ჯანდაცვა და ა.შ. ხოლო მეორეა გათვითცნობიერებული ან გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილება, მსმენელების ყურადღება მნიშვნელოვანი საკითხებიდან გადაიტანო მეასეხარისხოვანზე (ან ხარისხოვნების გარეთ მყოფზე), რასაც ამომრჩეველიც ხვდება და ეცინება, ინდეფერენტული ხდება; იგი ელის მოისმინოს, თუ როგორია კეთილდღეობის გეგმის შინაარსობრივ-სტრუქტურული აგებულება და რასაც ისმენს არის “ღიპიანი” პოლიტიკოსების დამარცხების გაუგებარი სქემა.

და ბოლოს, მსურს გავამხნევო პოლიტიკოსები და მივცე დასტური, რომ აუღელვებლად (აუჩქარებლად) შეუძლიათ ჭამონ 20 ხინკალი და იარონ Mercedes-ებით (თუ ყავთ). თუმცა, ამასთან ერთად, დაუღალავად იშრომონ იმისთვის, რომ გაამართლონ ამომრჩევლის ნდობა, რომელიც ითხოვს ცვლილებებს სამომხმარებლო კალათაში და არ ანაღვლებს სხვათა წონის კორექციები.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG