Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიური მოზაიკა და ყარაბაღის ომის კავშირების რთული ქსელი


ავტორი: პაპუნა ნოზაძე

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება. ბევრი დამკვირვებლის მოლოდინი რომ მხარეები მოსკოვში მოლაპარაკებების დროს მიღწეულ შეთანხმებას შეასრულებდნენ, ბოლომდე არ გამართლდა. როგორც საომარი მოქმედებების მიმდინარეობამ აჩვენა ამ ეტაპზე ვერცერთმა მხარემ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. ასეთ ვითარებაში როდესაც სახელმწიფოს არ ჰყოფნის ძალა მიაღწიოს საგარეო პოლიტიკურ მიზანს, იგი მიმართავს ძალის დამატებას სხვა სახელმწიფოსთან სამხედრო კავშირში შესვლით. თანამედროვე ეპოქაში სახელმწიფოების გარდა უკვე არასახელმწიფო შენაერთებიც თამაშობენ აქტიურ როლს. მაგალითად, სირიის ომის დროს ასადის ხელისუფლებას მხარს უჭერდა ლიბანური “ჰეზბოლა”, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ.

კავშირების შექმნა საერთაშორისო კონფლიქტების დროს საკმაოდ რთული განსაჭვრეტია, მით უფრო როდესაც შეიარაღებული ბრძოლა ხდება ისეთ მრავალეთნიკურ, მრავალენოვან და მრავალკონფესიურ რეგიონში როგორებიც კავკასია და ახლო აღმოსავლეთია. სირიის ომში ჩართული მხარეების ურთიერთკავშირებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ თუ რაოდენ ურთიერთგადაჯაჭვული იყო დაპირისპირებული მხარეების ინტერესები. მაგალითად, ვნახავთ რომ აშშ, რომელსაც მტრული ურთიერთობა აქვს ასადთან, ირანთან და რუსეთთან, მათთან ერთად ებრძოდა “ისლამურ სახელმწიფოს”. ამ ჩახლართული ქსელის არსის გაგებას ართულებდა ისიც რომ კონფლიქტში მონაწილეობდნენ შეიარღებული არასახელმწიფო დაჯგუფებები, როგორიცაა “ალ ნუსრა” ანუ “ალ ქაედას” სირიული დანაყოფი, ჰამასი, სირიის თავისუფალი არმია და სხვ.

აღსანიშნავია რომ კავშირების კომპლექსურობა არც ყარაბაღის კონფლიქტს აკლია. ისრაელის მაგალითი ამას ცხადყოფს. ებრაულ სახელმწიფოს, რომელსაც მეგობრული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან ცივი ომის დასრულების შემდეგ, ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს რუსეთის მოკავშირე სომხეთთან. ამავე დროს, ისრაელს დაძაბული ურთიერთობა აქვს თურქეთთან, რომელიც ანტი-ისრაელურ რიტორიკაში ირანს თუ ჩამოუვარდება. ამის მიუხედავად, ისრაელს მჭიდრო სამხედრო-ეკონომიკური ურთიერთობები აქვს აზერბაიჯანთან. გარდა იმისა რომ ებრაული სახელმწიფო თავისი ნათობის მოთხოვნის 40 პროცენტს აზერბაიჯანიდან იღებს და აზერბაიჯანული არმია ებრაული იარაღით მარაგდება, თვითონ აზერბაიჯანის ტერიტორიას აქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება ებრაული მხარისთვის. 2012 წელს ჟურნალ Foreign Policy-ში გავრცელდა ინფორმაცია რომ ისრაელი აპირებდა აზერბაიჯანის აეროპორტებისა და საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანის ატომურ სადგურებზე იერიშის მისატანად.[1]

ალიანსები რომ რელიგიური ერთობის საფუძველზე იქმნებოდეს, საქართველო და რუსეთი ახლო მოკავშირეები იქნებოდნენ, ასევე ირანის ისლამური რესპუბლიკა მხარს უპირობოდ აზერბაიჯანს დაუჭერდა, ისლამის შიიტური მიმდინარეობის გამო. თუმცა ირანის მთავარი წუხილი აზერბაიჯანული ირედენტიზმია. დროდადრო „ქორი“ პარლამენტარები აზერბაიჯანის სახელის შეცვლას „ჩრდილო აზერბაიჯანად“ მოითხოვენ ხოლმე, რათა გაამარტივონ ირანის აზერბაიჯანის შემოერთება.[2] თურქეთ-აზერბაიჯანის ალიანსის ახსნა კი მხოლოდ ეთნო-ლინგვისტური ფაქტორით ვერ აიხსნება. ასე რომ იყოს ცენტრალური აზიის ქვეყნები, ტაჯიკეთის გამოკლებით რომელიც ირანულენოვანია, სამხედრო ალიანსს აზერბაიჯანთან შეკრავდა თურქეთის მსგავსად. თუმცა არაფერი აკავშირებს სახელმწიფოებს ისე როგორც საერთო მტერი.

სომხური მხარის აპელირება რომ თურქეთი სირიელი მებრძოლებით ეხმარება მოკავშირე აზერბაიჯანს, არ გამორიცხავს ახლო მომავალში ვიხილოთ ასეთი ფორმირებების ბრძოლა. ბალკანეთის, ჩეჩნეთისა და სირიის ომების მსგავსად თუ კონფლიქტში ჯიჰადისტების ჩაებმებიან, ისრაელისა და თურქეთის ინტერესები მათსას დაემთხვევა, რაც საკმაოდ უცნაური იქნება. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების ჩართვა, მაგალითად ჩეჩნეთის რესპუბლიკის ერთის მხრივ და “იმარატ კავკაზის” მეორეს მხრივ, კიდევ უფრო ჩახლართულს გახდის კავშირების სურათს.

კავკასიის ქვეყნებმა ვერ მოახერხეს ბოლო დროს ახლო აღმოსავლეთის მთავარი კონფლიქტისგან იზოლირება. სირიასა და ერაყში ასობით მეომარი იბრძოდა “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში, თუმცა მათი მნიშვნელობა გავლენის თვალსაზრისისთ გაცილებით ძლიერი იყო. შეიძლება ითქვას რომ ვერც ახლო აღმოსავლეთის რეგიონი დარჩება იზოლირებული კავკასიის კონფლიქტებისგან. ამდენად კავკასიის უსაფრთხოების განხილვა განცალკევებით ახლო აღმოსავლეთისაგან, მაშინ როდესაც ორი რეგიონი გადაულახავი გეოგრაფიული ბარიერებით სულაც არაა გამოყოფილი, მხოლოდ მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანს.

კავკასიის რეგიონი მართლაც მოზაიკას ჰგასვს და კონფლიქტის ინტერნაციონალიზაციის შემთხვევაში მოკავშირეების ძიება მართლაც თავსატეხს გაუჩენს სამხედრო სტრატეგებსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG