Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსნობას ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ამოღება ემუქრება


საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან ძალოსნობის ამოღების შესაძლებლობას განიხილავს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ასეთი საფრთხე მართლაც არსებობს, თუ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF) მთელ რიგ რეფორმებს არ განახორციელებს. IOC-ის მოთხოვნაა, IWF-მა გაითვალისწინოს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შემუშავებული და IOC-ისგან მხარდაჭერილი რეკომენდაციები და შეცვალოს ფედერაციის წესდება.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტსა და ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას შორის ურთიერთობა ბოლო წლებში დაიძაბა. წლეულს, იანვარში, IWF-მა უკან დაიხია, პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა უნგრელმა ტამაშ აიანმა, რომელსაც კორუფციულ გარიგებებსა და დოპინგ-ტესტების სკანდალებში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ.

აიანის ადგილი ამერიკელმა ურსულა პაპანდრეამ დაიკავა და მან, ძველი პრეზიდენტისგან განსხვავებით, IOC-თან მჭიდროდ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება, მაგრამ... რამდენიმე დღის წინ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის სახელდახელოდ შეკრებილმა აღმასრულებელმა საბჭომ პაპანდრეა თანამდებობიდან გადააყენა და მის ადგილას ტაილანდელი ინტარატ იოდბანგტოეი დანიშნა.

თომას ბახი შეშფოთებულია მსოფლიო ძალოსნობის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით - ურსულა პაპანდრეას გაშვებით და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად იმ ქვეყნის წარმომადგენლის დასმით, რომელსაც დოპინგთან დაკავშირებული სკანდალების გამო აკრძალული აქვს ძალოსნობაში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. თავად ინტარატ იოდბანგტოეის სახელი კი, ტამაშ აიანის პრეზიდენტობის დროს, კორუფციულ სქემაში ფიგურირებდა.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციას 2024 წლის ოლიმიურ თამაშებზე ძალოსნობისთვის განსაზღვრული კვოტის გადახედვით დაემუქრა, თუ ფედერაცია რეფორმებს არ განახორციელებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG