Accessibility links

აზერბაიჯანი იუწყება ხუდაფერინის ხიდის აღებას. სომხეთი აცხადებს, რომ ჩამოაგდო ცხრა დრონი


მიუხედავად წუხელ გამოცხადებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისა, კვირას გამთენიიდან კვლავ განახლდა ბრძოლები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებისა ხაზის გასწვრივ და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.


შაბათს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 18 ოქტომბრის 00:00 საათზე.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 18 ოქტომბერს ქვეყნის სამხედრო ძალებმა ხელთ იგდო რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი. მათ შორის მდინარე არაქსზე მდებარე მე-12 საუკუნის ხუდაფერინის ხიდი, რომელიც 1993 წლიდან სომხეთის სამხედრო ძალის კონტროლის ქვეშ იყო.

ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ ტვიტერში გაავრცელა ვიდოკადრები, რომელზეც აზერბაიჯანელი ჯარისკაცები უმაღლეს მთავარსარდალს უპატაკებენ ხიდის გათავისუფლებას.



სომხეთმა პირდაპირ არ დაადასტურა ამ ხიდის გათავისუფლება აზერბაიჯანული არმიის მიერ.

თუმცა დღის ბოლოს სამხედრო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ძალებმა წაიწიეს სამხრეთ მიმართულებით.


არწრუნ ჰოვანისიანის თქმით, სამხრეთის მიმართულებით (ეს სწორედ ის მიმართულებაა, სადაც ხუდარფერინის ხიდი მდებარეობს), „გააფთრებული ბრძოლების შედეგად მათ აქვთ გარკვეული წინსვლა, რაზეც ისინი ბევრ განცხადებას აკეთებენ,“ - აღნიშნა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.


რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, სომხეთის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ მოგერიებულია აზერბაიჯანის არმიის შეტევა ჩრდილოეთ მიმართულებით. ჩამოგდებულია 9 უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორს 2 უშუალოდ სომხეთის რესპუბლიკის თავზე.

უფრო ადრე ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის არმიამ ბრძოლით აიღო ჯებრაილისა და ფიზულის რაიონული ცენტრები, რომლებსაც სომხეთის არმია 1990-იანი წლებიდან აკონტროლებს.

სადავო მთიანი ყარაბაღის გარშემო, გაყინული აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტი კვლავ განახლდა 27 სექტემბერს, რაშიც ერევანი და ბაქო ერთმანეთს სდებენ ბრალს. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები როგორც სამხედრო მოსამსახურეთა შორის, ისე მშვიდობიან მოსახლეობაში.

მთიანი ყარაბაღის სომხურმა ხელმძღვანელობამ 18 ოქტომბერს დაადასტურა კიდევ 40 სომეხი ჯარისკაცის დაღუპვა.

ამგვარად, 27 ოქტომბრიდან განახლებული საბრძოლო მოქმედებების შედეგად სომხეთის მხარემ დაკარგა 673 სამხედრო მოსამსახურე, - იუწყება რადიო თავისუფლების სომხური სამსახური.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG