Accessibility links

თაკო ჩარკვიანი: ივანიშვილი ხალხს არ აურჩევია, იგი ყოფილი ხელისუფლების შეცდომების გამო მოვიდა


საარჩევნო ბლოკის, „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში წინა ხელისუფლების შეცდომების გამო მოვიდა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მსმენელის მიერ დასმულ კითხვაზე, რატომ ამბობს იგი, რომ ივანიშვილის ხელისუფლება პუტინის ხელდასმულია, როცა იგი ხალხმა აირჩია, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ იგი ხალხს არ აურჩევია:

„ივანიშვილი ხალხს არ აურჩევია, იგი ხელისუფლებაში ყოფილი ხელისუფლების შეცდომების გამო მოვიდა. ეს იყო ცვლილებების სურვილი. ყოველთვის ადამიანი ეძებს რაღაც სისუფთავეს და ქველმოქმედი გამოჩნდა, რომლის შესახებაც სხვა ინფორმაცია არ არსებობდა პრაქტიკულად“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა, რომელმაც წამყვანის შეკითხვას, ხედავს თუ არა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლაში საკუთარ და სხვა პოლიტიკოსთა მხარდაჭერის შედეგსაც, განაცხადა, რომ ეს მხოლოდ წინა ხელისუფლების შეცდომების შედეგია. მისი თქმით, საშინელებაა, ხალხს ისე გაუცრუო იმედები, როგორც ეს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა:

„მე ძალიან გულნატკენი ზუსტად მაგიტომ ვარ. იმიტომ რომ ასე ადამიანებს გაუწბილო იმედი, ეს არსაპატიებელია. საშინელებაა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“.

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახით მონაწილეობს. ბლოკში „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გაერთიანებულია პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“, რომელსაც თაკო ჩარკვიანი ხელმძღვანელობს. თაკო ჩარკვიანი ბლოკის საარჩევნო სიის მეორე ნომერი და თბილისის საბურთალოს საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. საარჩევნო ბლოკის „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებლის“ საარჩევნო ნომერია 27.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG