Accessibility links

site logo site logo

ალეკო ელისაშვილი არჩევნების ორი დღის განმავლობაში ჩატარების ინიციატივით გამოდის


პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ხელისუფლებას სთავაზობს, პანდემიის პირობებში, არჩევნები ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს, რაც მობილობის შემცირებას მოემსახურება. მიუხედავად საკანონმდებლო ბარიერებისა, რაც ამ ინიციატივის რეალიზებას წინ ეღობება, ელისაშვილის თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა.

ინიციატორის თქმით, სამართლებრივად ამ შეთავაზების განხორციელება რთული და თითქმის შეუძლებელიცაა, ვინაიდან საკონსტიტუციო ვადებში პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა ვეღარ მოესწრება, ასევე ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღებაც.

„ხელისუფლებასა და მთელს საზოგადოებას ასეთ გამოსავალს ვთავაზობთ, რომ ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთდღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, ორი დღის განმავლობაში, ჩავატაროთ პარასკევს, 30 ოქტომბერს და შაბათს, 31 ოქტომბერს. მაგალითად, გავანაწილოთ სიებით, ანბანის მიხედვით, რათა არ იყოს რიგები და პროცედურების სრული დაცვა მოხდეს. ჩვენ როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციურ პარტიებს მოვუწოდებთ, ამ დისკუსიაში დაუყოვნებლივ ჩავერთოთ. ვიცით, რომ სამართლებრივად ეს რთული და თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან კონსტიტუციურ ვადებში ვერ მოესწრება პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დანიშვნა, ვერ მოესწრება კონსტიტუციური ცვლილების მიღება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, მოვუწოდებთ ყველას, შევთანხმდეთ ორდღიან საარჩევნო ციკლზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში 2020 წლის არჩევნების თარიღი არ გადაიდება და არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში, 31 ოქტომბერს ჩატარდება.

კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელის ზრდის ფონზე, პოლიტიკოსების ნაწილი, მათ შორის, "ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე მსჯელობისთვის პარლამენტში შეკრების ინიციატივით გამოვიდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 469 თბილისიდანაა. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა, დაახლოებით, 70-ია. 1 186 ახალი შემთხვევით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 18 663-ს გაუტოლდა. ბოლო დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 143-ს მიაღწია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG