Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში გრძელდება აქციები ლუკაშენკას გადადგომის მოთხოვნით


ბელარუსის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პატიმრობაში რჩება იმ 300-მდე მოქალაქის უმრავლესობა, რომლებიც შაბათ-კვირას დააკავეს პროდემოკრატიულ აქციებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ვოლჰა ჩემოდანოვამ 19 ოქტომბერს განაცხადა, რომ პოლიციამ 280 პირი დააკავა მასობრივი აქციების კანონის დარღვევისთვის, მათგან 215 - დედაქალაქ მინსკში. დაკავებულთაგან 237 პირი პატიმრობაში რჩება სასამართლო განხილვამდე, - წერს ჩემოდანოვა ტელეგრამის არხზე.

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ათიათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციებში, მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მუქარისა, რომ სასიკვდილო ძალას გამოიყენებდა მათ წინააღმდეგ. აქციების მონაწილეები კვლავ მოითხოვენ ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომას. მინსკის ქუჩებში სამხედრო სატვირთო მანქანები და წყლის ჭავლის მანქანები იდგა, თუმცა 18 ოქტომბრის აქციის დასაშლელად პოლიციას ისინი დიდწილად არ გამოუყენებია.

მანამდე ჩემოდანოვამ სააგენტო ფრანს-პრესს უთხრა, რომ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები ისროლეს და ამით გააფრთხილეს დემონსტრანტები, რომლებიც პოლიციას ქვებს უშენდნენ.

აქციის წინა დღეებში ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, გენადი კაზაკევიჩი გამოვიდა მუქარით, რომ "საჭიროების შემთხვევაში ლეტალური იარაღი" იქნებოდა გამოყენებული დემონსტრაციების დასაშლელად. აქციებს მთავრობა უკანონოს უწოდებს. მისი ეს განცხადება წარმოადგენდა პირველ შემთხვევას, როცა ბელარუსის მთავრობა ღიად დაიმუქრა დემონსტრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებით. პოლიციას მუქარა არ შეუსრულებია.

ბელარუსში საპროტესტო აქციებია მას მერე, რაც ხელისუფლებაში 1994 წლიდან მყოფი ლუკაშენკა გამარჯვებულად გამოცხადდა 9 აგვისტოს ჩატარებულ არჩევნებში, რომელიც, გავრცელებული შეფასებით, გაყალბებული იყო. ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ და მისმა მომხრეებმა ზეწოლა გაზარდეს 25 ოქტომბერს ბოლო ვადის დანიშვნით ლუკაშენკას გადადგომისთვის - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, ქვეყანაში ეროვნული გაფიცვა დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG