Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არმაზ ახვლედიანი: მხოლოდ ერთი რამის გაკეთება რომ შემეძლოს, საჯარო მოხელეებს გავათავისუფლებდი წნეხისგან


არმაზ ახვლედიანი
არმაზ ახვლედიანი

საარჩევნო სუბიექტის „ბაქრაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ მისი პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მოტივატორი საჯარო მოხელეების წნეხისგან გათავისუფლებაა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ არმაზ ახვლედიანმა განაცხადა, რომ ერთადერთი რამის გაკეთება რომ შეეძლოს და „ჯადოსნური ჯოხი“ ჰქონდეს, საჯარო მოხელეებს არა მარტო სიტყვით, არამედ კანონმდებლობით, თეორიითა თუ პრაქტიკით გაათავისუფლებდა იმ ზეწოლისგან, რომელიც ივანიშვილის, სააკაშვილის, შევარდნაძისა და ყველა დანარჩენის ხელისუფლებაში არსებობს.

„აი, ვხედავ, ადამიანი გხვდება, გიღიმის, თვალით გეუბნება, რომ მხარს გიჭერს და წარმოიდგინეთ, ლაიქს ვერ აკეთებს „ფეისბუკზე“. რა კატასტროფაა, 2020-ია. რეალობაა, რომელიც უნდა შევცვალოთ. სამართლის უზენაესობის გზით შევძლებთ, რომ გავათავისუფლოთ საჯარო მოხელეები ამ არანორმალური წნეხისგან... წარმოიდგინეთ, ვიღაცა ეხლა შეიძლება პატარა კიოსკში ზის და ყიდის გაზეთს, ისიც კი ფიქრობს, რომ თუკი დაუჭერს მხარს მკვეთრ ოპოზიციას, შეიძლება ამის გამო პრობლემა შეექმნას და ამ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ წადით, გათავისუფლდით“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა „დილის საუბრებში“.

არმაზ ახვლედიანი არის „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის საარჩევნო ოლქში. იგი იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „აღორძინების კავშირიდან“ და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირიდან“. 2013-2016 წლებში იყო პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივანი, არის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი და დირექტორი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG