Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კაცმა, რომელიც მძევლებს შორის არის, მთავარი არხის ეთერში დარეკა 


ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალიდან, სადაც შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი, ახალგაზრდა კაცმა დარეკა. მან თქვა, რომ ირაკლი კვარაცხელიაა, ერთ-ერთი მძევლებს შორის.

მისი თქმით, ოთახში 19 ადამიანი იმყოფება. ვიდეოზარის დროს ჩანდნენ იატაკზე მსხდომი ქალები და კაცები და, ასევე, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც სახე ნიღბით ჰქონდა დაფარული. ირაკლი კვარაცხელიამ ეთერში განაცხადა, რომ გამტაცებელი "კბილებამდე შეიარაღებულია", ავტომატით, პისტოლეტით, ხელში უჭირავს ხელყუმბარა, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცავი რგოლი.

საუბრის დროს კადრებში მკაფიოდ ჩანდა შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც პერიოდულად მამაკაცს თავის სათქმელსაც ჰკარნახობდა.

მისი თქმით, მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ის 500 ათას დოლარს და ადგილის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვს.

"მე ვიძლევი მაგის [უსაფრთხოების] გარანტიას იმ შემთხვევაში, თუ ძალოვანები არ ჩაერთვებიან ძალის გამოყენების კუთხით", - ისმოდა, სავარაუდოდ, გამტაცებლის ხმა.

კადრებში ჩანს, რომ ოთახში მართლაც 19 ადამიანია, შეიარაღებული მამაკაცის ჩათვლით, ამ ადამიანებს შორის, სავარაუდოდ, 11 ქალია.

"მთავარ არხში" აცხადებენ, რომ ირაკლი კვარაცხელია შეიარაღებული კაცის მითითებით არხის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საკუთარი ინიციატივით დაუკავშირდა.

შსს ადასტურებს ბანკში მძევლების აყვანის ფაქტს. ბანკის ფილიალთან მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი. ქუჩა გადაკეტილია.

ნიღბიანი შეიარაღებული კაცი ბანკის შენობაში, დაახლოებით, 14 საათისთვის შეიჭრა, შენობაში მყოფ თანამშრომლებს და მოქალაქეებს დაჩოქება მოსთხოვა და რამდენჯერმე გაისროლა. თავდამსხმელმა მძევალთა ნაწილი ბანკში შეჭრისას გაათავისუფლა, ისინი სამართალდამცველებმა ტერიტორიას გაარიდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG