Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისგან სამხედრო-საველე ჰოსპიტალს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც ითხოვს


ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის დავალებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში გაიგზავნა წერილი „სამხრეთ ოსეთში“ სამხედრო-საველე ჰოსპიტლის გაგზავნის თხოვნით. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იბრაჰიმ გასეევი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს წერს, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსული ინფექციის აფეთქებაა და თხოვს, რაც შეიძლება მოკლე ვადაში განათავსონ 150 ადგილიანი ჰოსპიტალი და მიავლინონ შესაბამისად აღჭურვილი სპეციალისტები.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა 15 სექტემბრიდან, რუსეთთან ე.წ. საზღვრის გახსნის შემდეგ. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, მაისიდან 21 ოქტომბრამდე გამოვლენილია სულ 305 შემთხვევა, მათგან 215 „საზღვრის“ გახსნის შემდეგ.

სავალე ჰოსპიტლის გარდა, ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ითხოვს რუსეთის არმიის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ძალების ბიოლაბორატორიას PCR-ტესტირებისთვის და რეგიონის სამხედრო ნაწილებსა და სოციალურ ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად.

დაახლოებით ერთი კვირის ხნის წინ, რუსეთს ასეთივე თხოვნით მიმართა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამაც. სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციით, ამ კვირაში სოხუმის პანსიონატ „აიტარის“ ტერიტორიაზე გაიხსნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საველე ჰოსპიტალი, სადაც 21 ოქტომბრის მონაცემებით, 10 პაციენტი იმყოფება.

აპრილიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3172 შემთხვევა. მათგან 1278 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 32 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG