Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლია მუხაშავრია: მივმართავ ქალებს გააქტიურდნენ


ლია მუხაშავრია
ლია მუხაშავრია

პარტია „დავით ჭიჭინაძე ტრიბუნა-ქდმ“-ს წევრი ლია მუხაშავრია ამომრჩეველ ქალებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ იგი ქალებს ურჩევს, არა მარტო 31 ოქტომბერს მივიდნენ არჩევნებში, არამედ ზოგადად აქტიურად ჩაერთნენ საარჩევნო პროცესებში და წარმომადგენლობითი ორგანოების წევრობის კანდიდატები გახდნენ:

„განსაკუთრებით თვითმმართველობის არჩევნების დროს. იმიტომ რომ ჩვენ უახლესი ისტორიის მანძილზე დავრწმუნდით, რომ ქალების ძალიან მცირე და უმცირესობის სახით მონაწილეობა პოლიტიკაში არაფერს სასიკეთოს არ უქადის მთელს საზოგადოებას.

ჩვენ წარმოვადგენთ სტატისტიკურად ამ საზოგადოების უმეტეს ნაწილს, 53 პროცენტს, თუ არ ვცდები. ასევე ძალიან დიდი ნაწილი უცხოეთში ემიგრირებული სამუშაო ძალისა გახლავთ ქალბატონები, რომლებიც ინახავენ თავიანთ ოჯახებს ათეული წლებია და უფრო მეტი, ამიტომ ამ ადამიანების პოლიტიკაში ყოფნა საზოგადოებისთვისაა აუცილებელი. იმიტომ, რომ ეს არის ის ძალა, საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც შეუძია ყველა პრობლემის უკეთ მოგვარება“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ "დილის საუბრებში". მისი აზრით, სერიოზული სოციალური პრობლემაა ქვეყანაში ის, რომ ქალები გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ნაკლებად არიან წარმოდგენილები.

ლია მუხაშავრია პარტია "დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნა-ქდმ-ს საარჩევნო სიის მესამე ნომერი და თბილისის ნაძალადევის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. პარტიაში იგი წინასაარჩევნოდ გაწევრიანდა. ადვოკატი ლია მუხაშავრია, რომლესაც სტრასბურგის სასამართლოსთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ბოლო წლებში არასამთავრობო ორგანიზაციას "ადამიანის უფლებათა პრიორიტეტს" წარმოადგენდა. იგი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG